ლუის ენრიკემ სიტყვა შეასრულა – პსჟ ნახევარფინალში “ბორუსიას” შეხვდება

0
39

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად „ბარსელონასთან“ გასამარტი საპასუხო მატჩის წინ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სახლში 2:3 წაგების მოუხედავად, მის გუნდს სტუმრად გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლა შეუძლია. ესპანელმა სპეციალისტმა თავისი სიტყვა შეასრულა და პსჟ- მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით აჯობა, რის ხარჯზე ტურნირში გამოსვლას აგრძელებს.
მატჩის მე-12 წუთზე მეტოქაის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა იამალმა პასი კარის წინ მდგომ რაფინიას მისცა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. მან ბოლო ორ მატჩში პსჟ-ს სამი გოლი გაუტანა. 26-ე წუთზე არაუხო თავის საჯარიმოს სიახლოვეს ბარკოლას ეუხეშა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. მე-40 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ბარკოლამ შორეულ ძელთან პასი უსმან დემბელეს მისცა, რომელმაც მახვილი კუთხიდან საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ვიტინიამ კატალონიელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა – 1:2. 61-ე წუთზე ჟოაუ კანსელუმ სრულიად გაუმართლებელი ფეხებში ვარდნით თავის საჯარიმოში დემბელე წააქცია, რომელმაც ბურთი სათანადოდ ვერ დაამუშავა და ვერც მოწინააღმდეგის კარს დაემუქრებოდა. სამაგიეროდ, პენალტი გამოიმუშავა, რომელიც მბაპემ გაიტანა. მეორე ტაიმში “ბარსელონას” თავკაცმა ხავიმ მსაჯის გადაწყვეტილებაზე თავისი მძაფხი ემოცია ვერ დამალა და გააძევეს. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში მე-3 წითელი ბარათი მიიღო. 89-ე წუთზე მბაპემ ბურთი „ბარსას“ კარის სიახლოვეს მიიღო და საბოლოო წერტილი დასვა.
პსჟ-მ სხვა გუნდებთან შედარებით “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგიდან ყველაზე მეტჯერ გამოთიშა – 3-ჯერ. “ბარსელონა” სტუმრად მოგებული მატჩის მერე, ჩემპიონთა ლიგას პირველად დაემშვიდობა. პსჟ ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ გავიდა. “ბარსა” ზედიზედ 5 წელიწადია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე ვერ აღწევს.
პსჟ ნახევარფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” შეხვდება, რომელმაც პირველი თამაში სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოსთან” 1:2 წააგო, მაგრამ სახლში 4:2 დაამარცხა და ტურნირში გამოსვლას განაგრძობს.
მატჩის 34-ე წუთზე ბრანდტმა მეტოქის ესპანელთა საჯარიმოში მიიღო ბურთი და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა – ობლაკის შეცდომის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. 39-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა მატსენმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0. 49-ე წუთზე “ატლეტიკომ” კუთხური ჩააწოდა და სტუმარი ფეხბურთელის თავურის შემდეგ, ჰუმელსმა ავტოგოლი მიითვალა – 2:1. 64-ე წუთზე მადრიდელთა შეტევის დროს კორეამ  ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა – 2:2. 71-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ზაბიცერის ჩაწოდების მერე, ფიულკრუგმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა – 3:2. 74-ე წუთზე ზაბიცერმა ბურთი “ატლეტიკოს” საჯარიმოში მიიღო და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 4:2. “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ, გუნდს იურგენ კლოპი ავარჯიშებდა.
1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში “ბორუსია” პსჟ-ს 30 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო თამაში 7 მაისს შედგება.
ლაშა თაბაგარი