გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ესპანეთის ლა ლიგის გუნდი მოედანზე სათამაშოდ კაპიტნის სამკლავურით გაუყვანია. 31-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და ხოსე გაიას არყოფნაში, კაპიტნის სამკლავური საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ანდეს როგორც სასტარტო შემადგენლობაში მყოფთაგან „ღამურებში“ ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელს. „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო და გამარჯვების გოლი ანდრე ალმეიდამ გაიტანა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმის შუაწელში მამარდაშვილთან პირისპირ რუბენ გარსია გადიოდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა კარი დროულად დატოვა და ხიფათი გაანეიტრალა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა. ანტე ბუდიმირმა თერთმეტმეტრიანის „პანენკათი“ გატანა მოინდომა, მაგრამ მიწას წამოკრა ფეხი და ძალიან სუსტად დაარტყა – მამარდაშვილს ბურთი ხელებში მიუგორდა. მიმდინარე სეზონში გიორგი მეოთხე პენალტი მოიგერია. მანამდე, მან ორი თერთმეტმეტრიანი „ალავესთან“ (0:1) მატჩში აიღო, ხოლო ერთი „ვილიარეალთან“ (0:1) შეხვედრაში.
მამარდაშვილის ლა ლიგაში გოლი ზედიზედ 5 თამაშში არ გაუშვია, ხოლო საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში კარი „მშრალად“ 12-ჯერ შეინახა. „ვალენსია“ 47 ქულით 20 გუნდში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





