მათე კვირკვიამ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. განჯის „ქიაფაზი“, რომელშიც კვირკვია და გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, სტუმრად „საბაილს“ შეხვდა და უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო.
ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ პაპუნაშვილმა 21-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე, როდესაც სტუმრები 2:3 აგებდნენ, კვირკვიამ მეტოქის ნახევარზე მიიღო ბურთი და დაახლოებით 25 მეტრიდან „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონსი თავი მეხუთედ გამოიჩინა. „ქიაფაზი“ 31 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა, მაგრამ გავარდნა არ ემუქრება, რადგან კახა ცხადაძის გაწვრთნილი „გაბალა“ 16 ქულით ბოლოა.
ლატვიის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურში თამაზ პერტიას გაწვრთნილმა „ლიეპაიამ“ სტუმრად „ვალმიერას“ 1:0 მოიგო. გამარჯვების გოლი საჯარიმო დარტყმიდან ლუკა სილაგაძემ 43-ე წუთზე გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც ვაჟა ფაცაციამ. „ლიეპაიას“ სასტარტოში ასევე რატი არდაზიშვილი და გიორგი კუცია მოხვდნენ – პირველი 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე 46-ეზე. ანდრია ხორხელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ლაშა თაბაგარი





