ასათიანი: “მთავარი მიზანი დეკემბრისთვის მზადყოფნაა”

0
59

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 აპრილს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩების მასპინძელ არენაზე, თბილისის სპორტის სასახლეში ივარჯიშა.
მზადების პროცესის შესახებ და მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ გააკეთა.
ავთანდილ ასათიანი: “ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დეკემბრისთვის, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყება, მაქსიმალურად მზად ვიყოთ.
ვცდილობთ, ნაკრების ყველა კანდიდატი გამოვცადოთ, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, თუ ვინ არის საუკეთესო. ვფიქრობ, ამ მიზნით ამხანაგური მატჩები ძალიან კარგია. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს. აზერბაიჯანთან მატჩში ჩვენს პლუსებსა და მინუსებს უკეთესად დავინახავთ. დეკემბრამდე კიდევ ორი სანაკრებო პაუზა იქნება, რასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ყველა მოთამაშეს მაქსიმალურად მიეცემა შანსი, დაამტკიცოს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსია”.
ზვიად კუპატაძე: „ტრავმის და დისკვალიფიკაციის გამო რუმინეთსა და პორტუგალიასთან მატჩები გამოვტოვე. საქართველოში ჩამოსვლა, თამაში და ქართველი გულშემატკივრების გახარება კი ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. ამჟამად, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება. არიან ბიჭები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვთ. მათ საფუძველზე უნდა აშენდეს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს.
ამ გზაზე ყოველ დღეს, ყოველ ვარჯიშს და ყოველ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივრებს კი ვთხოვ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ, რადგან ამ ბიჭებს სჭირდებათ იმის დანახვა, რომ საქართველოს ფუტსალი უყვარს და ამ ბიჭების სჯერა. ჩვენ მოედანზე ყოველთვის სულს და გულს ვდებდით და ახლაც იგივე იქნება“.
საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების მატჩი 14 და 16 აპრილს გაიმართება. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube არხზე შემოგთავაზებთ.