ლუის ენრიკე: „ეჭვი არ მეპარება რომ საპასუხო შეხვედრის მოგება შეგვიძლია“

0
39

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „ბარსელონასთან“ პირველ მატჩში 2:3 მარცხის მიუხედავად, მის გუნდს სტუმრად საპასუხო შეხვედრის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია.
„ბუნებრივია, რომ წაგება არ გვსურდა. ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა. კარგი გუნდი გვიპირისპირდებოდა, რომელსაც მეორე ტაიმში საუცხოო პრესინგი შევთავაზეთ. თუმცა, მეტოქეც არ ჩამოგვრჩა და ანგარიშში ისევ დაწინაურდა.
მომდევნო მატჩი ფინალის ტოლფასია. ცხადია, სამუშაო გვაქვს, რომ რაღაცეები გავაუმჯობესოთ. ამ მეოთხედფინალში ბევრი გოლი გავიდა. ასეთ ეტაპზე თითოეული გუნდი მაღალი დონისაა. ჩვენ მესამე გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
ეჭვი არ მეპარება, რომ საპასუხო შეხვედრის მოგება შეგვიძლია. მაგალითისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატში სტუმრად არ წაგვიგია. ჩვეულებრივ რეჟიმში მოვემზადებით და ბარსელონაში თავდაჯერებულები გავფრიდნებით“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
ლაშა თაბაგარი