ვილი სანიოლი: “ისინი უფრო მეტად არიან მზად ვიდრე ოდესმე”

0
101

ვილი სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საბერძნეთთან მატჩისთვის უფრო მეტად არიან მზად ვიდრე ოდესმა. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის ფინალში ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მცველი ოთარ კაკაბაძეც დაესწრო.
ვილი სანიოლი: „4-5 დღე გვქონდა მოსამზადებლად, განსხვავებით წინა თამაშისგან, შესაბამისად, მეტი დრო მოგვეცა აღდგენისთვის. ყველა ფეხბურთელი მზადაა და მოტივირებულია. დაგვრჩა ერთი ვარჯიში, სადაც ბოლო დეტალებს გავივლით და ვეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, ზოგადად, ბევრი საუბარი მეტოქეზე არ მიყვარს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს ბევრი რამ გასაკეთებელი და უმჯობესია ამაზე გავამახვილოთ ყურადღება.
როდესაც გავიგეთ, რომ შეიძლებოდა საბერძნეთს შევხვედროდით, მაშინვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, ვინაიდან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ეს პირველი მიზეზია, მეორე მიზეზი ისაა, რომ ეს ფინალია, სადაც მოგება გვინდა ჩვენც და მეტოქესაც. გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გულისხმობს იმას, რომ უფრო ძლიერი ხარ ან უფრო მზად ხარ, არამედ არის ის, თუ რას გააკეთებ მოგებისთვის. ვცდილობ, ეს ავუხსნა მათ შორის, ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომ მხოლოდ ოცნება მოსაგებად საკმარისი არ არის, მაგრამ ყოველდღიურად რაიმეს კეთებით, მეტი შანსი გვექნება ამ ოცნებამდე მივიდეთ. ოცნება ყველას შეუძლია, მათ შორის, ჩემს მშობლებს, ჩემს შვილებს, მაგრამ ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ. მოგება არის ის, რომ გაიღვიძო და ყოველდღე რაღაც გააკეთო შენი მიზნისკენ მიმავალი ნაბიჯებით. მინდა, მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს ის, თუ როგორ მოუმატეს და ამ მიმართულებით დინამიკა ნამდვილად კარგია. ისინი უფრო მეტად არიან მზად, ვიდრე ოდესმე. არის მისწრაფება, რომ ქვეყანასთან ერთად გავიდეთ მოედანზე. თუმცა, ახლა უფრო მეტად საჭიროა მომზადება მატჩისთვის და არა საუბარი.
დამატებითი დრო? ლუქსემბურგთან, როცა 2:0-ს ვიგებდით და რიცხობრივი უპირატესობაც გვქონდა, გავითვალისწინე ის, რომ მეტი შანსი გვქონდა ფინალში გასვლის და მივმართე ცვლილებებს. ლოგიკურია, რომ ამან გარკვეული დისბალანსი გამოიწვია, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. შეცვლების შემდეგაც ველით, რომ იგივე რიტმით და მენტალიტეტით შემოვლენ ახალი ფეხბურთელები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამაში არა 60, არამედ 90 წუთი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, ჩემს ფეხბურთელებში და თუ 120 წუთი თამაში მოუწევთ, ესეც არ იქნება პრობლემა. ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, პენალტებისთვისაც.
ყველა ფეხბურთელი მზადაა 120 წუთის სათამაშოდაც, თუ საჭირო იქნება. ჩაკვეტაძეს და ქოჩორაშვილს რაც შეეხებათ, ინდივიდუალურად ივარჯიშეს პროგრამის მიხედვით, რაც დაგეგმილი იყო, რათა მოემზადებინათ სხეული თამაშისთვის და ბევრი ამ მხრივ არაფერია სათქმელი.
26 ფეხბურთელი გვყავს და 3 მათგანის განაცხადს მიღმა დატოვება მოგვიწევს, მაგრამ ყველა მზადაა სათამაშოდ. მეც გამიხარდებოდა, რომ გამეზიარებინა თქვენთვის ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში, თუმცა არ შემიძლია და ხვალ გაიგებთ. მთავარია, რომ ყველას უნდა თამაში და ვინც პროფესიონალია, ყველას უნდა თამაში, ვერ იპოვით ისეთ პროფესიონალ ფეხბურთელს, ვისაც ასეთ მატჩში თამაში არ ენდომებოდა, მაგრამ არავინ არ წუწუნებს, ყველა მზად არის თავის წვლილი შეიტანოს და როგორც უკვე აღვნიშნე, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ.
ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ ბედნიერი ვიყავი. როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი კარგად ასრულებს გეგმას, რომელიც დავსახეთ, ჩვეულებრივი მომენტია, რომ იამაყო. ხვალისთვის გვაქვს გეგმა და რომ არსებობდეს რეცეპტი, რომელიც ყველა მატჩში გამარჯვებამდე მიგვიყვანდა, მაშინ მწვრთნელი კი არ ვიქნებოდი, არამედ დავაარსებდი ჩემს კომპანიას, რომელიც ამ რეცეპტს ყველა გუნდს მიჰყიდდა და ძალიან ბევრ მილიონს ვიშოვიდით. თუმცა, ეს ფეხბურთია და განსხვავებული სიტუაციაა. ფეხბურთში არსებობენ მეტოქეები, რომლებსაც აქვთ თავისი გეგმა და იქიდან გამომდინარე ვინ იქნება უკეთესი, ის მოიგებს. ლუქსემბურგთან ჩვენ გავიმარჯვეთ და შესაბამისად, ჩვენ ვიყავით უკეთესები. ამ ყველაფრის უკან კი დიდი შრომა დევს.
მე არ მაქვს ფსიქოლოგის დიპლომი. სიმართლე გითხრათ, რომ მეგრძნო, ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ, შეიძლება მეთხოვა ამ მიმართულებით მეტი მხარდაჭერა. ის უკუკავშირი, რაც ფეხბურთელებისგან მივიღე, არა სტრესი, არამედ მონდომება იყო და ისინი ამ ემოციას აკონტროლებენ. წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცით ამაზე გუნდურად როგორ ვიმუშაოთ. თუმცა, ასევე გეთანხმებით, რომ ზოგჯერ ზოგ ფეხბურთელს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება.
როდესაც ვსაუბრობთ განვითარებაზე, რთულია შევაფასოთ ერთი თამაშით, ერთი წარმატებით. თუ გვინდა, გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავსა და გულშემატკივრებთან, მაშინ ამას უფრო ფართო სპექტრით უნდა შევხედოთ. 2020 წელს საქართველო D ლიგაში იყო, ახლა კი, B ლიგაშია, როგორც ინგლისი. თუმცა, არ ვამბობთ, რომ ჩვენ ისეთივე ძლიერი ნაკრები გვყავს, როგორიც ინგლისია. ან მაგალითად ავიღოთ შვედეთი, რომელიც C დივიზიონშია, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ მათზე ძლიერები ვართ. მაგრამ, ერთი რამ ცალსახად შეიძლება აღინიშნოს, რომ პროგრესი არის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ბატონი ვლადიმირ ვაისის მიერ გაკეთებული ბევრი კარგი რამ, ასევე ფეხბურთელების, სტაფის, ფედერაციის, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ხვალ თამაშია, ეს ფეხბურთია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, შეიძლება მოვიგოთ ან წავაგოთ, კარგი თამაში იყოს ან ცუდი, ეს მხოლოდ ერთი თამაშის გამოძახილი იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, რასაც ვაკეთებთ ფეხბურთელებთან, დიდი პროგრესი გვაქვს“.
ოთარ კაკაბაძე: “მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ თამაშს, ყველას გაცნობიერებული აქვს ის, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ მოედანზე. გუნდში ძალიან ამაღლებული განწყობაა, ძალიან მოტივირებული ვართ, მეტი რომ არ შეიძლება და მოკლედ, ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის.
ძალიან ვამაყობ ამ ნაკრებში თამაშით, რომელსაც ამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია არა მარტო გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ამ ნაკრებს გამარჯვების მენტალიტეტი აქვს და მოგება რომ შეუძლია, ეს ბევრჯერ დაუმტკიცებია. ბევრი პრობლემები იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და დარჩენილია უბრალოდ მოედანზე გასვლა. დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად მოქმედებს ის ფაქტიც, რომ ამდენ ხალხს უნდა სტადიონზე მოსვლა, დარწმუნებული ვარ, მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, ყველა გაიყიდებოდა და ეს ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს.
ორივე ფინალისტი ერთნაირ მდგომარეობაშია, არ აქვს იმას მნიშვნელობა, რომ წინა პლეი-ოფში ნახევარფინალი ერთი თვით ადრე გვქონდა, ხოლო ფინალი ერთი თვის შემდეგ. მთავარია, რომ აღდგენა მოასწრო და მოემზადო მაქსიმალურად, ბევრი ინფორმაცია გქონდეს მეტოქეზე, რაც ორივე გუნდს აქვს.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან მაყურებელი და კვარაცხელია არ გვყავდა, თუ რამხელა ძალაა ორივე ეს ფაქტორი, ლაპარაკი არც ღირს. დიდი ხანია ნაკრებში ვთამაშობ და ეს შემადგენლობა, რაც დღესაა, ულაპარაკოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. შეიძლება ამ ემოციების დადებითად გამოყენება, ყველა პროფესიონალი ვართ და ეს ემოციური დღეები, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს.
ლუქსემბურგთან სტადიონზე ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო, მთელი თამაშის განმავლობაში მღეროდნენ და მათი მადლიერი ვართ. გულშემატკივარს ვერც ვერაფერს ვთხოვთ, რადგან დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტს გააკეთებენ, რაც ლუქსემბურგთან იყო. ყველაფერი იყო იდეალურად და ამჯერად უფრო მაგრად იქნება“.
ჩვენი გუნდი საბერძნეთთან გამარჯვების შემთხვევაში ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი