გუსტავო პოიეტი: “ცუდად თამაშს არანაირი გამართლება არ ექნება”

0
46

გუსტავო პოიეტისთვის იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნაკრებს ბერძნებთან მანამდე ჩატარებული 9 მატჩიდან არცერთი მოუგია (2 ფრე და 7 წაგება) არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ურუგვაელი სპეციალისტისთვის მთავარი ხვალინდელ დაპირისპირებაზე კონცენტრირებაა. მან ამის თაობაზე ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის ფინალში ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის კაპიტანი შემტევი ნახევარმცველი ანასტასიოს ბაკასეტასი დაესწრო.
გუსტავო პოიეტი: “საქართველოსთან საბერძნეთთან არასდროს მოუგია? ჩემთვის წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, მაშინ სხვა ფეხბურთელები იყვნენ, სხვა თაობაა. მე არასდროს შევხვედრივარ საქართველოს ნაკრებს. რა თქმა უნდა, გავაანალიზეთ მეტოქის თამაში და სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ხვალინდელ მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებული.
ვერ გეტყვით ხვალინდელ მატჩში ჩვენს გეგმაზე, თუმცა კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს, მისი თამაშის სტილს. არ მგონია, რომ ვილიმ ფინალისთვის მნიშვნელოვნად შეცვალოს ტაქტიკა და სტილი. ძალიან კარგად ვართ მომზადებული, თბილისში საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვედით და შესაბამისად, ცუდად თამაშს არანაირი გამართლება არ ექნება.
საინტერესო შეკითხვაა: დიახ, ორივე გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს. ვფიქრობ, გადამწყვეტი სწორედ ის იქნება, როგორ გაუძლებენ ახალგაზრდები ასეთ წნეხს და შეძლებენ თუ არა, თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. ამაზე პასუხს უკვე ხვალინდელი შეხვედრა გაგვცემს. ვიცით, რომ ასეთ მატჩებში ფეხბურთელები თავდაჯერებული უნდა იყვნენ. ვნახოთ, რა გამოვა, გვინდა კარგად ვითამაშოთ, თუმცა ეს ფინალია და ორივე გუნდს გამარჯვება უნდა.
ხვალ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, ორგანიზებულად დაცვაში და ბურთთან ყურადღებით და თუ ამას შევძლებთ, საქართველო ჩვეულად სახიფათო ვერ იქნება. ფეხბურთში მცირე მომენტებიდანაც შეიძლება გოლის გატანა, ამიტომ, შეტევაში ცივსისხლიანად უნდა ვითამაშოთ.
ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა, არ აქვს მნიშვნელობა რა გააკეთე ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაფერი ერთი მატჩით წყდება. ეროვნულ ჩემპიონატშიც შეიძლება 37 მატჩი კარგად ითამაშა და ბოლო შეხვედრაში ყველაფერი დაკარგო. მშვიდად ვართ, საუკეთესოდ მოვემზადეთ და არანაირი ალიბი არ გვაქვს. კმაყოფილი ვართ იმით, რაც აქამდე გავაკეთეთ.
ფეხბურთელებს სავსე სტადიონზე თამაში სურთ, მთავარია, მოედანზე რა მოხდება. კარგი იქნებოდა სახლში თამაში, მაგრამ ყველაფერი მოედანზე უნდა გადაწყდეს, იქ გამოჩნდება ფეხბურთელები რას გააკეთებენ. დღევანდელ ვარჯიშზე უნდა ვნახოთ, ვინ არის 100%-ით მზად და ამიტომ, ჯერ ვარჯიშს ველოდები. თუ არ ვცდები, ცაველასის გარდა, არც ერთ ჩვენს ფეხბურთელს დიდ ტურნირზე არ უთამაშია, ამიტომ, 2004 წელს მოგებულ ევროპის ჩემპიონატს ხვალ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.
როგორც მწვრთნელს, არ მომწონს პენალტების სერია, მაგრამ თუ ამის საჭიროება გახდება, მზად ვიქნებით. თუმცა, 90 ან 120 წუთის განმავლობაში ვეცდებით გამარჯვებას“.
ანასტასიოს ბაკასეტასი: “ჩვენთვის ყაზახეთთან თამაში მართლაც კარგი გამოდგა. ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ და ზოგადად ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშოთ. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, არ მსურს პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველივე წუთიდან ბოლომდე მაქსიმალური კონცენტრაციით და თავდაჯერებით თამაში.
თავს ფავორიტებად არ მივიჩნევთ, მიმაჩნია, რომ ფინალში ფავორიტი არ არსებობს და მისი დასახელება არ შეიძლება. ჩვენი განწყობა ძალიან კარგია, თუნდაც ყაზახეთთან თამაშიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან კარგი გამოდგა, რადგან ყაზახეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარა და ასე თამაში ადვილი არ იყო.
მართალია, რომ სახლში ძლიერად ვთამაშობთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ჩვენთვის, როგორც ნაკრების ფეხბურთელებისთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშოთ, განსაკუთრებული გარემო და მასთან დაკავშირებული წნეხი ვიგრძნოთ. პროფესიონალები სწორედ ამიტომ ვართ და მივიჩნევ, რომ ხვალ მაყურებლის ფაქტორი ჩვენთვის შეიძლება დადებითი იყოს. გამოცდილი ფეხბურთელები ვართ, არაერთხელ გვითამაშია მსგავს ატმოსფეროში და ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება.
საქართველოსთან ბოლო მატჩი კარგად მახსოვს, ჩვენთვის რთულად წარიმართა და ბოლო წუთებზე მოვიგეთ. ახლა უფრო ძლიერი და რაც მთავარია, უფრო გამოცდილი გუნდი ვართ. თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებზე. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე 2021 წელს და ხვალ სრულიად განსხვავებულ თამაშს ვიხილავთ“.
ლაშა თაბაგარი