ვილი სანიოლის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომე ერთა ლიგის C ლიგის ნახევარფინალში თბილისში ლუქსემბურგთან ხვალ გასამართ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სწორი სულისკვეთებით ითამაშოს. ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ საგურამოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “სულისკვეთება ასეთ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე რთულია მნიშვნელოვან რამეზე მიღწევა. ფეხბურთელებს ყოველთვის ვესაუბრები იმაზე, თუ რაზე ჰქონდეთ კონცენტრაცია, როდესაც მოედანზე იქნებიან. ვფიქრობ, რომ სწორი სულისკვეთებით ვითამაშებთ, ლუქსემბურგთან ერთი მატჩია და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიდგომით და სწორი სულისკვეთებით ვითამაშოთ. მოტივაცია გვაქვს და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები ვაჩვენოთ. მოკლე პერიოდი გვაქვს მოსამზადებლად თამაშამდე, შესაბამისად, განსაკუთრებული ახალი არაფერი დაგვიმუშავებია. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის თავისი რუტინა და როგორ უნდა მოემზადოს მატჩისთვის. გუნდურადაც ისე ვემზადებით, როგორც აქამდე, განსაკუთრებული სიახლეები არ იქნება, რათა ექსპერიმენტები არ ჩავატაროთ.
რა თქმა უნდა, ლუქსემბურგის ნაკრების თამაშები ვნახეთ, განსაკუთრებით, ბოლო 12 თვის. არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად დავაფასოთ. მთავარია, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინოთ, რადგან თუ ასე არ იქნება, შედეგის მიღწევაც გაგვიჭირდება. ტაქტიკაზე ჯერ არ გვისაუბრია, ფეხბურთელები თავისი მიდგომით და დამოკიდებულებით უნდა მოემზადოთ და თუ ყველაფერს გავაკეთებთ, შედეგსაც მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება.
კანკავასთან დაბრუნებაზე საუბარი გვქონდა და რადგან ეს მოხდა, ნიშნავს, რომ გუნდს სჭირდება. ის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, გუნდისთვის, მას შეუძლია თავისი დადებითი მხარეები გუნდს გადასცეს. იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ამას ვერ გეტყვით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კვარაცხელია ვერ ითამაშებს, შემადგენლობაზე ახლა მეტს ვერაფერს ვიტყვი.
ასეთი თამაშის წინ ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება ტრავმები და ძალიან კარგია, რომ ახლა ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. გვიხარია, რომ ზივზივაძე და მიქაუტაძე ძალიან კარგ ფორმაში არიან, ქოჩორაშვილიც დაბრუნდა. იმედი მაქვს, რომ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად კარგი თამაში გვექნება.
დიახ, ახლა, მეც ფეხბურთელივით ვარ, მეც მოტივირებული და მონდომებული ვარ. შეიძლება ეს არ მეტყობა, მაგრამ ასეა. როდესაც მე ფეხბურთელებს კონცენტრაციას ვთხოვ, არ იქნება სწორი, რომ მე არასერიოზულად მოვიქცე და ხშირად ვიღიმოდე. ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის ასეთი მატჩები მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი გამოწვევებისთვის ვართ ფეხბურთში. მთავარია, ერთ მიზანზე ვიყოთ ორიენტირებული, ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჯერ გონებით იფიქრონ, შემდეგ გონებით და არა პირიქით.
აუტსაიდერი გუნდი შეიძლება გულშემატკივრებისთვის და მედიისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ ჩვენ საქმეს არ ვუდგებით. ვიცით, რომ ეს შეცდომა იქნება, რადგან მოედანზე სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. მთავარია, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ინდივიდუალურად გუნდურ თვისებებზე“,
ოთარ კიტეიშვილი: “ამ თამაშებს დიდი ხანი ველოდით და ერთმანეთის ნახვა ყველას განსაკუთრებით გვიხარია. ამ ეტაპზე ჩვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების ჩატარება გვიწევს. შემართება და განწყობა ძალიან კარგია, ნაკრებში ამის პრობლემა არც არასდროს ყოფილა. ამ თამაშისთვის გაასმაგებულად ვემზადებით, რათა ოცნება ავიხდინოთ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს.
ბოლო პერიოდში ლუქსემბურგს პროგრესი აქვს და რთულ თამაშს ველოდებით. დრო ცოტაა, ტაქტიკაზე საუბარი დღეს და ხვალ იქნება, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია და ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ.
ჯაბას დაბრუნება განსაკუთრებულია. პირადად ჩემთვისაც ჯაბა ყოველთვის იყო და არის მისაბაძი მაგალითი თავისი ხასიათით, სათამაშო ჟინით და რა თქმა უნდა, მისი გუნდში ყოფნა, ჩვენთვის განსაკუთრებული ძალაა. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ფეხბურთელი გრძნობს.
ამ თამაშს მთელი ქვეყანა ველოდებოდით და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი საქართველოს. მადლობა, ვინც გვქომაგობს და უნდა, რომ მოვიგოთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ და ამით შევძლებთ წარმატების მიღწევას.
ყველა ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. ფეხბურთეს თან ახლავს ეს და ფეხბურთელს ეს გაანალიზებული აქვს. როდესაც თამაში ახლოვდება, წნეხი მატულობს, მაგრამ ვემზადებით, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მზად არის ამ კონკრეტული შეხვედრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს წნეხი დავძლიოთ და ის პასუხისმგებლობა სწორი კუთხით გადავიტანოთ მოედანზე და ჩვენი თავის საუკეთესო მხარები წარმოვაჩინოთ“.
საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში 26 მარტს თბილისში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილიში მოგებულს უმასპინძლებს და თუ წარმატებას მიაღწევს, გერმანიაში ზაფხულში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
ლაშა თაბაგარი





