მურთაზ ხურცილავა – უღალატო კაპიტანი

0
131

მურთაზ ხურცილავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედლები აქვს მოპოვებული. თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და წინამძღოლი საქართველოს მეოცე საუკუნის უძლიერეს მცველად დაასახელეს, ხოლო ავტორიტეტულმა ინგლისელმა მწვრთნელმა სერ ალფ რამსეიმ კი ქართველი ფეხბურთელი პლანეტის უძლიერეს უკანახაზელად დაასახელა.
მარტვილელმა მურთაზ ხურცილავამ სიარული და ფეხბურთის თამაში სინქრონულად დაიწყო. ნიჭიერი მოთამაშე ქართული ფეხბურთის მოამაგე ანდრო ჟორდანიას მახვილ თვალს არ გამოეპარა და თბილისის „დინამოში“ მიიწვია. 1964 წელს დინამოელები პირველად გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. ხურცილავამ ტრავმების გამო მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ ოქროს მედლის გარეშე დარჩა. 1967, 1968 და 1972 წლებში ხურცილავა წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა, 33 საუკეთესოთა სიაში კი ათჯერ დაასახელეს. ქართველ ფეხბურთელთაგან მურთაზ ხურცილავამ ყველაზე მეტი, 72 შეხვედრა ჩაატარა საკავშირო ნაკრებში და ამ მატჩების დიდ ნაწილში გუნდის კაპიტანი იყო.
მურთაზ ხურცილავა დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩეოდა, თუმცა იერიშებშიც ხშირად ერთვებოდა და ღვთის მიერ მომადლებული ნიჭის, ზუსტი, ყუმბარისებული დარტყმების შემდეგ არაერთი გოლიც გაუტანია. ამასთან, ყოველთვის გუმანით გრძნობდა, როდის ღირდა შეტევაში ჩართვა და თუკი წინ წავიდოდა, დაცვაში დაბრუნებას არასდროს აგვიანებდა.
ინტუიციის წყალობით მურთაზ ხურცილავა მოწინააღმდეგის ჩანაფიქრის ჩაშლის ოსტატად გვევლინებოდა, შეუმცდარი გუმანით გრძნობდა, სად აღმოჩნდებოდა ბურთი და მეტოქე, როდის უნდა გასულიყო ჩაწოდებული ბურთის ჩასაჭრელად. მას ცოტა ვინმე თუ შეედრებოდა თამაშის რიტმის მონაცვლეობის უნარით.
მურთაზ ხურცილავა ფეხბურთს უმაღლეს დონეზე ორი ათეული წლის განმავლობაში თამაშობდა, უამრავი სხვადასხვა დონის მატჩი ჩაუტარებია, თუმცა არცერთი თამაში კატეგორიის მიხედვით არ დაუყვია – ნებისმიერ შეხვედრას, ევროპის ჩემპიონატის ფინალი იქნებოდა თუ რიგითი საწვრთნელი შეხვედრა, სრული პასუხისმგებლობით უდგებოდა, აკი განაცხადა ერთ–ერთ ინტერვიუში  – მინდორზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ფეხბურთისთვის არასდროს მიღალატიაო.
ბატონი მურთაზი მაღალ კლასთან ერთად, გასაოცარი სტაბილურობით გამოირჩეოდა, რაც ოსტატობასთან ერთად უდიდეს პროფესიონალიზმს მოითხოვს.

გოჩა კაჭარავა