დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16-ფინალური შეხვედრები გაიმართა. ეროვნული ლიგის ოთხი გუნდიდან შემდეგ ეტაპზე ორი გავიდა.
ქობულეთის „შუქურა“ 0:3 დამარცხდა თბილისის „ლოკომოტივთან“, რომელსაც ქობულეთელების ყოფილი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე ავარჯიშებს. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებულ დროში კი თორნიკე კურტანიძემ (101, 120) დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ლაშა მენთეშაშვილმა (98) გაიტანა.
ელიგის ორი წარმომადგენელი ერთმანეთს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა – „სამგურალმა“ „გაგრას“ 3:0 აჯობა. გოლები ნოდარ ლომინაძემ (52), ნიკა კალანდარიშვილმა (56) და ტაიკი კაგაიამამ (76) გაიტანეს.
„თელავმა“ გასვლაზე ელიგა 2-ის „ვიტ ჯორჯიასთან“ ძირითადი დრო 2:2 დაასრულა, ხოლო პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა. სტუმართა მეკარემ, დავიდ იურჩენკომ ორი 11-მეტრიანი მოიგერია.
საქართველოს თასი 1/16-ფინალი
ლოკომოტივი (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 3:0
მაჭახელა – კოლხეთი 1913 (ფოთი) 1:7
ბახმარო – სპაერი (თბილისი) 0:3
სამგურალი (წყალტუბო) – გაგრა 3:0
ირაო – მერანი (მარტვილი) 4:0
ვიტ ჯორჯია (თბილისი)– თელავი 2:2 (4:5 პენალტების სერია)





