თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში შინ ყაზახეთის “ასტანასთან” 1:2 მარცხი და ტურნირიდან გამოთიშვა არასათანადო გამოცდილებით, ასევე გამარჯვებულის მენტალიტეტის არქონით ახსნა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ვფიქრობ, რომ ორი თანაბარი გუნდი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ან ჩვენ, ან მეტოქე უკეთესი გუნდი იყო. ასეთ ტურნირზე ძალიან დიდ როლს თამაშობს ერთი წუთიც კი, ჩვენ კი ერთი წუთი კონცენტრაცია დავკარგეთ და თამაში წავაგეთ. ეს გუნდი ახალგაზრდაა და რაღაც დაგვაკლდა. თუ სხვაგან შეიძლება კონცენტრაცია დაკარგო და მეტოქე გაპატიებს, ასეთ დონეზე არ გპატიობს. პირველი თამაშიც ზუსტად ანალოგიური იყო. დღეს უფრო ჩანდა, რომ შეგიძლია თამაში, მაგრამ რაღაც გაკლია და შეიძლება ერთ წუთში დათმო ყველაფერი. გამოცდილება გვაკლია, რომელიც მხოლოდ ასეთი დონის თამაშებში მოდის.
მარუშიჩი იმიტომ მოვიყვანეთ გუნდში, რომ ცენტრფორვარდია. არ მინდა იმაზე საუბარი, ვინ დაგვაკლდა, ვინ, როგორ ითამაშა. ბევრი რაღაც დაგვაკლდა, მათ შორის ესეც. თუმცა, მთავარი იყო კონცენტრაციის დაკარგვა, შეცდომები დავუშვით და ეს ტურნირი მსგავს რაღაცებს არ გპატიობს. გადავერთვებით კონფერენს ლიგაზე და ვეცდებით, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. ერთი წელია ვმუშაობთ და ვფიქრობ, ბევრი რაღაც შევძელით, ბევრი რაღაც ვერ შევძელით, ამიტომ ამას დრო სჭირდება ამ ყველაფერს და მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა.
პირველად არ ვამბობ ამას: გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს, შეგვიძლია ხელიდან მარტივად გავუშვათ ის, რასაც მოვიპოვებთ. ეს არ არის ერთდღიანი პრობლემა, არც ჩემს გუნდში და არც მთლიანად ქართულ ფეხბურთში. ახლა უნდა ვიმუშაო ფსიქოლოგიურად, რომ კონფერენს ლიგის მატჩს კარგ განწყობაზე შეხვდნენ ფეხბურთელები, რადგან ახლა ძალიან დათრგუნულები არიან“.





