ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთში „ასტანასთან“ 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, თბილისის „დინამოს“ მეორე ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ჰქინდა. პირველი შეხვედრის მსგავსად გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა „დინამო არენაზეც“ მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი ფაქტობრივად ერთმა წუთმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებისთვის ფატალური აღმოჩნდა. რთული სათქმელია შემდეგ ეტაპზე უკეთესი გუნდი გავიდა თუ არა, მაგრამ როგორც ამბობენ „გამარჯვებულს არ ასამართლებენ“. სამწუხაროდ, ქართული გუნდი 2019 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგას ისევ საწყის ეტაპზე გამოეთიშა.
მატჩის დასაწყისში ასტანელებმა მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, მაგრამ დინამოელებისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია. მე-19 წუთზე გიორგი ხარაიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან „ცაციათი“ შორეულ კუთხეში დაარტყა – ჩონდრიჩმა ნახტომში ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
22-ე წუთზე იმრანმა დროულად შეაყოლა პასი ყაზახების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ გვინეელ უსმანე კამარას, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი შორეულ კუთხეში ოსტატურად გაგზავნა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში ურეგამ ცრუ მოძრაობით ორი თბილისელი ფეხბურთელი ჩამოიცილა და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადაცდა.
პირველ ტაიმს მსაჯმა 4 წუთი დაამატა, რის საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა. შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ ასტანელებმა კუთხური ჩააწოდეს და „დინამოს“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა დარბომ მოიგო, ებონგმა კი ახლო მანძილიდან ნახტომში თავით კარს ბურთი მცირე მანძილით ააცილა და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
მეორე ტაიმის დასაწყისშო ხარაიშვილი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა, ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში დაარტყა – ბურთი კარს სანტომეტრებით აცდა.
50-ე წუთზე ამანოვიჩმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი თბილისელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც დაცვის შეცდომით ბეისბეკოვმა ისარგებლა და ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში ზუსტად გაგზავნა – 1:1.
51-ე წუთზე დარბო მარცხნიდან „დინამოს“ საჯარიმოში შევიდა, ორ მოთამაშეს გაცდა და ახლო მანძილიდან გიორგი ლორია როგორ იტყვიან „გახვრიტა“ – 1:2.
54-ე წუთზე ბარნს ოსეის კარგი პასის შემდეგ დავით სხირტლაძე მეკარსთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა წინ გამოსულ ჩონდრიჩს, რომელმაც ბურთს ხელი წაჰკრა.
56-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან ტომასოვის ჩაწოდების შემდეგ, კართან ახლოს მდგომმა მაროჩკინმა თავით დაარტყა და ლორიამ თავისი გუნდი კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
61-ე წუთზე სტუმართა მცველი თავის საჯარიმოში გადაცემის გაკეთების დროს შეცდა და სხირტლაძეს მიუვიდა ბურთი, რომლის ჩონდრიჩისთვის თავს ზემოთ გადაგდებას შეეცადა, თუმცა „ასტანას“ მეკარემ ისევ იყოჩაღა.
10 წუთში გიორგი მაისურაძემ მარჯვნიდან პასი ყაზახების საჯარიმოში გააკეთა, მაგრამ სხირტლაძეს თავური არაზსუტი აღმოჩნდ. ცოტა ხანში, თბილისელთა რამდენიმესვლიანი კომბინაციის მერე, იმრანმა სტუმართა საჯარიმოში ბურთი შეინარჩუნა და ხელსაყრელი პოზიციიდან კარგად ვერ დაარტყა.
79-ე წუთზე მარცხნიდან ჯიმი ტაბიძის ჩაწოდების შემდეგ, ანზორ მექვაბიშვილის დარტყმული მცველმა დაბლოკა, მაგრამ ბურთი გიორგი სიგუას მიუვიდა, რომელმაც გოლის გატანის საუცხოო შანსი ხელიდან გაუშვა – ბურთი კარს ზემოთ წავიდა.
83-ე წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილმა მარჯვნიდან კუთხური ჩააწოდა და საბა ხვადაგიანის თავით დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში მაისურაძე თავის ნახევარზე ბურთი დამორჩილების დროს შეცდა და ლორიასთან პირისპირ გასულმა ასტანოვმა „დინამოს“ მეკარეს ვერ აჯობა.
საპასუხო შეტევაში ანზორ მექვაბიშვილმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ჩინდრიჩმა ბურთი ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა.
„დინამო“ ასპარეზობას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განაგრძობს და მალტის „ჰამრუნს“ შეხვდება – პირველ თამაშს 25 ივლისს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო 3 აგვისტოს თბილისში.
„დინამო“ (თბილისი) –„ასტანა“ 1:2 (1:1)
19 ივლისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
„დინამო“ (თბ,): ლორია; მალი (ხვადაგიანი 57), მარგველაშვილი (მაისურაძე 57), ტაბიძე, კალანდაძე; მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი (სიგუა 57); ხარაიშვილი (მოისწრაფიშვილი 73), იმრანი, კამარა; სხირტლაძე (მარუშიჩი 77)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
„ასტანა“: ჩონდრიჩი; ბეისებეკოვი (ლონჩარი 65), მაროჩკინი, ტომაშევიჩი, ამანოვიჩი, ვოროგოვსკი; ტომასოვი, იოვანჩიჩი (ოგანესიანი 46), ებონგი, ურეგა (დოსმაგამბეტოვი 76); დარბო.
მთავარი მწვრთნელი: გრიგორი ბაბაიანი.
გოლები: 1:0 კამარა (22), 1:1 ბეისებეკოვი (50), 1:2 დარბო (51)
მთავარი მსაჯი: სტიუარტ ატველი (ინგლისი).
ლაშა თაბაგარი




