საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულმა „მეცმა“ ახლი სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდში პირველი ამხანაგური მატჩი ბელგიის „სერენთან“ ჩაატარა და 2;1 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ სასტარტოში არ იყო და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. 53-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში გაკეთებული პასის შემდეგ მიქაუტაძემ მცველებს დაასწრო და ბელგიელტა კარი აიღო.
22 წლის ქართველმა 2022-2023 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
მან ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის, ბომბარდირის და წლის აღმოჩენის პრიზი მიიღო.
მიქაუტაძე 2020-2022 წლებში „სერენში“ გამოდიოდა. მან 2020-2021 წლების სეზონში ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 21 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, მან სამი გოლი ბელგიის თასზე მიითვალა. გარდა ამისა, გიორგი „სერენის“ გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მან 2021-2022 წლების სეზონში ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი




