“ნაპოლის” და კვარაცხელიას პირველი 1/4-ფინალი

0
53

“ნაპოლი”, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გავიდა.
ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ფრანკფურტის “აინტრახტს” 2:0 სძლია, ხოლო საპასუხო თამაში შინ 3:0 მოუგო და ტურნირში ასპარეზობას აგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მას ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გერმანელთა მეკარე კევინ ტრაპს პირველი მატჩის მსგავსად ვერც ამჯერად აჯობა.
პირველ ტაიმში ხვიჩამ ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო და ჯერ ორ მეტოქეს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა გვერდი კიდევ ერთ მცველს აუარა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ტრაპმა მოიგერია.
მეორე ტაიმში კვარაცხელია თავისი ინდივუდუალური ქმედების ხარჯზე ამჯერად ფრანკფურტელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ბოლო მომენტში ისევ სტუმართა გოლკიპერმა არ გაატანინა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე ანგარიში ოსიმენმა გახსნა, რომელმაც მარჯვნიდან პოლიტანოს ჩაწოდების შემდეგ “აინტრახტის” საჯარიმოში ძალიან მაღლა ახტა და თავით ზუსტად დაარტყა – 1:0.
53-ე წუთზე გერმანელთა საჯარიმოში მარჯვნივ მყოფმა დი ლორენცომ კარის ხაზის გასწვრივ ჩააწოდა და ოსიმენმა ვარდნაში დუბლი მიითვალა – 2:0.
64-ე წუთზე გერმანელმა მცველმა თავის საჯარიმოში ზელინსკი წააქცია და პენალტი ზუსტად თავად დაზარალებულმა გამოიყენა – 3:0. კვარაცხელია, რომელიც კარიერაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად ითამაშებს, 74-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი