მაკფადენმა და ანდრონიკაშვილმა სტამბოლში წააგეს

0
45

ფიბას ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძვის ესპანური “მურსია”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი იცავენ. “მურსია” იმ ჯგუფშია, რომელშიც 4-დან 4 გამარჯვება და გასვლის გარანტია უკვე მოპოვებული აქვს გიორგი შერმადინის “ტენერიფეს”.
მურსიელებმა გასულ ტურში დიდი ომი გადაიტანეს სტამბოლში, “დარუშაფაკასთან”. შეხვედრის ბედი ვერც ძირითად დროში გაირკვა და ვერც ოვერტაიმში. მეორე დამატებითი 5-წუთეული მასპინძლებმა 12:11 მოიგეს და გამარჯვებაც “დარუშაფაკას” დარჩა – 105:104.
“მურსიას” ეს შეხვედრა რომ მოეგო, “ტენერიფესთან” ერთად თითქმის გაინაღდებდა პლეი ოფის საგზურს. მურსიელთაგან საუკეთესო მაკფადენი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა და 4 პასი მოაგროვა. თადმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დან 5 სამიანი ჩააგდო.
11 წუთი ითამაშა 21 წლის რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ახალგაზრდა ქართველმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 4 ქულა დ 3 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. მომდევნო მატჩს მურსიელები 14 მარტს, სტუმრად, “ტენერიფესთან” ჩაატარებენ.