მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი შინ „პორტუსთან“ (1:0) საუცხოოდ ჩაატარა.
„საუცხოო მატჩი ჩავატარეთ ფიზიკურად ძლიერ და ტექნიკურ გუნდთან. საწყენია, რომ პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში „პორტუმ“ ძალიან სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ შკრიანიარი და ონანა იმ ეპიზოდში ქებას იმსახურებენ. შემდეგ უკვე შეცვლები ძალიან დაგვეხმარა.
პირველ ტაიმში უფრო სწრაფი გადაცემებით უნდა გვეთამაშა. შეტევების უფრო კარგად და სწრაფად დაწყება საჭირო იყო. თუმცა, „პორტუ“ პრესინგს ძალიან კარგად იყენებდა. ამიტომ ტემპის მომატება და ბურთით უფრო სწრაფად თამაში მოგვიწია“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
