გალტიეს პირველი ტიტული, მესის – 41-ე

0
57

პსჟ საფრანგეთში ახალი საფეხბურთო სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო. ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივის „ბლუმფილდის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში პარიზელებმა კრისტოფ გალტიეს თავკაცობით „ნანტი“ 4:0 დაამარცხეს.
პსჟ-დან ანგარიში არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ 32-ე წუთზე გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე ნეიმარმა თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა.
57-ე წუთზე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებილმა ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა „ნანტის“ კარი მესამედ აიღო. 82-ე წუთზე საბოლოო წერტილი ნეიმარმა პენალტიდან დასვა.
გალტიემ, რომელმაც პსჟ ზაფხულში ჩაიბარა, პარიზელებთან ერთად პირველი ტიტული მოიგო, ხოლო კარიერაში მესამე – მანამდე „სენტ-ეტიენს“ 2012-2013 წლების სეზონში სუპერთასი მოაპოვებინა, „ლილი“ კი 2020-2021 წლების სეზონში გააჩემპიონა.
მესიმ კარიერის მანძილზე 41-ე ტიტული მოიპოვა. გარდა ამისა, მან ფინალებში თავისი 32-ე გოლი გაიტანა. მესი სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ის პსჟ-ს მე-7 ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო. მანამდე, მსგავსი პატივი წილად ზლატან იბრაჰიმოვიჩს (2014), სერჟ ორიეს (2015), ანხელ დი მარიას (2016, 2018), დანი ალვეშს (2017), კილიან მბაპეს (2019) და მაურო იკარდის (2020) ხვდათ.