„ლივერპულმა“ სეზონი ტიტულით დაიწყო

0
16

„ლივერპულისთვის“ ახალი სეზონის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა. ინგლისის სუპერთასის მატჩში, რომელიც ლესტერში „კინგ პაუერზე“ შედგა, იურგენ კლოპის შეგირდებმა პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი „მანჩესტერ სიტი“ 3:1 დაამარცხეს.
21-ე წუთზე მერსისაიდელები ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა დააწინაურა, ხოლო 70-ე წუთზე ალვარესმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა პენალტი გამოიყენა, მატჩში წერტილი კი, „ლივერპულის“ ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა დასვა 94-ე წუთზე.
2006 წლის შემდეგ „ლივერპულმა“ სუპერთასი პირველად მოიპოვა. მერსისაიდელები 2019 და 2020 წლებში შესაბამისად „სიტისთან“ და „არსენალთან“ დამარცხდნენ. დღევანდელი მატჩის მსგავსად, იმ დროსაც, „ლივერპული“ სუპერთასისთვის მატჩში როგორც ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული მონაწილეობდა.
„ლივერპულმა“ არსებობის მანძილზე სუპერთასი მეთექვსმეტედ მოიპოვა.
გერმანელმა კლოპმა სამწვრთნელო კარიერის მანძილზე მე-12 ტიტული მოიგო, მათგან 7 “ლივერპულთან” ერთად. ის გუნდში 2015 წლიდან მუშაობს და “ლივერპულს” ინგლისის პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში, უეფას სუპერთასზე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, ინგლისის ლიგის თასზე და ინგლისის თასზე გაამარჯვებინა.