18 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ნორვეგიას 71:51 მოუგო. შეგახსენებთ, რომ ტურნირი გუშინ, პოლონეთის ქალაქ პლოეშტში დაიწყო და სადებიუტო მატჩში ქართველებმა კოსოვო 27 ქულით გაანადგურეს, დღევანდელი გამარჯვებით კი B ჯგუფში გალიდერდნენ.
აღსანიშნავია, რომ მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრები 11 ქულით ჩამორჩებოდა. ნორვეგიელი ამარ პინჯოს ზუსტი სროლის შემდეგ სკანდინავიელები 27:16 დაწინაურდნენ, რაც ხელჩასაჭიდი ლიდერობა გახლდათ. როგავას გუნდმა დიდ შესვენებამდე დარჩენილ დროში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდიდან მეტოქის რბევას მიჰყო ხელი. მესამე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 23:7 მოიგო, 10 ქულით დაწინაურდა და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
მატჩის საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, მისი შეჩერება სკანდინავიელებს არ გამოუვიდათ. 11 ქულა მოაგროვა ვატო გაჩეჩილაძემ, ხოლო 8-8 ქულა სამმა კალათბურთელმა – სანდრო კასაბურმა, ლუკა ალავიძემ და ლუკა კუჭუხიძემ.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 31 ივლისს, ბულგარეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება.





