აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, წელიწადი გამარჯვებით დაასრულა. ნიქოზიურ დერბიში აპოელმა მოქმედი ჩემპიონი „ომონია“ 4:2 დაამარცხა.
მასპინძლები 21-ე წუთზე ლანგის მიერ თავის კარში გატანილი გოლით დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი მე-40 წუთზე პაპოულისმა გაიტანა. 47-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გადაცემის შემდეგ სატსიასმა აპოელი დააწინაურა. 57-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ომონიას“ საჯარიმოში წააქციეს და VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ქვილითაიამ ზუსტად შეასრულა.
65-ე წუთზე ლანგმა გოლი უკვე მეტოქის კარში გაიტანა და ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა, 74-ე წუთზე არბიტრმა „ომონიას“ კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც ლეო ნატელმა გამოიყენა.
ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი იყო, რომელმაც ტრავმის გამო მოედანი მე-17 წუთზე დატოვა. ბუბა დაუშვილი თადარიგში იყო და თამაშში მე-19 წუთზე ჩაერთო. აპოელი 20 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.





