„არსენალმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო – საკა მხოლოდ ანელკას ჩამორჩება

0
61

ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო. მე-19 ტურში ესპანელი მიკელ არტეტას შეგირდები სტუმრად „ნორვიჩს“ შეხვდნენ და 5:0 გაანადგურეს. მე-6 წუთზე ანგარიში საკამ გახსნა, ხოლო შესვენებამდე ერთი წუთით ადრე ტიემეიმ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა.
67-ე წუთზე საკამ დუბლი შეასრულა, 84-ეზე კი ლაკაზეტმა პენალტი გამოიყენა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე თავი სმიტ როუმ გამოიჩინა. განვლილ 5 შეხვედრაში „არსენალმა“ მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო და მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა.
20 წლის საკამ „არსენალის“ მაისურით პრემიერ ლიგაში 10 გოლი გაიტანა. ლონდონელთა ისტორიაში ასეთი შედეგი ამაზე ახალგაზრდა ასაკში მხოლოდ 19 წლის ფრანგმა ფორვარდმა ნიკოლა ანელკამ აჩვენა.
„მეთოფეთა“ ნორვეგიელმა ნახევარმცველმა ედეგორმა ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო 2 შეხვედრაში 3 საგოლე პასი გააკეთა. მან მთელი გასული სეზონის მანძილზე მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სმიტ როუ „არსენალის“ მეორე ფეხბურთელი ჩეხი ტომაშ როსიცკის შემდეგ, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგის ზედიზედ 3 მატჩში 3 გოლი შეცვლაზე შესვლის მერე გაიტანა. „არსენალი“ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხეა.