„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელი „ტორპედოში“ 20 მილიონის დახარჯვას გეგმავს

0
171

„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელი აიეტი კუკავა ქუთაისის „ტორპედოში“ საწყისი ორი წლის განმავლობაში 20 მილიონი დაბანდებას გეგმავს თუ კლუბის მფლობელი გახდება.

მან ამის შესახებ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი და ყოფილი პარლამენტარი, ამჟამად კი, „ალიანს ჯგუფში“ სპორტული მიმართულების კურატორი დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

აიეტ კუკავა: „ჩვენ ვუყურებთ დარგს და რა შეიძლება გაკეთდეს, ხოლო მერე საინვესტიციო გეგმებს ვადგენთ. “ტორპედოს” რთული დრო უდგას. საბჭოთა პერიოდშიც დიდ წარმატებას აღწევდა. ახლა უჭირს, მაგრამ მთლიანად დარგია გადასახედი და, ასე ვთქვათ, გადასაიარაღებელი.

აშკარა პოტენცილი კი არის, მაგრამ რაღაც სხვაგვარადაა გასაკეთებელი. აქ უზარმაზარი შემოსავალი შეიძლება ნახოს ბიზნესმა, იგივე – სპორტულმა ბიზნესმაც. გვინდა ამ დარგის განვითარებას ბიძგი მივცეთ და ამ სფეროში ცვლილებები ამ გუნდიდან დაიწყოს.

მედიის დახმარება დაგვჭირდება, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა გვჭირდება, რომ სპორტი მომგებიანი იყო. საჭიროა, მომგებიანი პლატფორმის შექმნა. ახლა რომ შეეხვეწო, აქ კლუბს არავინ ყიდულობს. მაგრამ გვსურს, რომ მალე გაიზარდოს დარგი და საქართველო რეგიონის სპორტული ჰაბი გახდეს. მენეჯმენტს გავაძლიერებთ, ყველა ადამიანის მაქსიმალურად გამოყენებას შევეცდებით…

წამყვან ევროპულ კლუბებთან კავშირი დაგვჭირდება. ყველა კლუბს საერთაშორისო აკადემია უნდა ჰქონდეს და მთელი მსოფლიო ქართველ ბავშვებზე “ნადირობდეს”. ამისთვის თანამედროვე აკადემიაა საჭირო. მაგრამ ერთი ინვესტორი გაზაფხულს ვერ მოიყვანს…

იურიდიულ და ფინანსურ საკითხებზე მუშაობა საჭირო. მერე მზად ვიქნებით, რომ ვინმე უცხოელი სტრატეგიული პარტნიორი შემოვიყვანოთ – ისეთი, ვისაც ექნება გამოცდილება და კავშირები წამყვან ევროპულ კლუბებთან, რომ საჭირო დროს ფეხბურთელები მოგვახმაროს.

საწყისი ორი წლის განმავლობაში კლუბში 20 მილიონი დოლარის დახარჯვას ვგეგმავთ. ამის შემდეგ თუ შედეგი გვექნება, გენერალურ პრტნიორს მოვიყვანთ, რომელიც უფრო მეტ თანხას დახარჯავს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ხედვა გააჩნდეს მას, ვისაც სამომავლოდ კლუბში შემოვიყვანოთ. ამით მთელი დარგი მოიგებს.“.

მიხეილ აბაიშვილი: „ინვესტიციაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ჩაჩავას დროს იყო, მაგრამ მან არ ისურვა, რადგან მაშინ ჩინელი ინვესტორების იმედი ჰქონდა. ახლა კიდევ ერთხელ დაიწყო მოლაპარაკებები. ახლა ეროვნულ ლიგაში შესვენებაა და ამ დროს “ტორპედოს” აქვს ძველი დავალიანება, არცერთ ფეხბურთელს კონტრაქტი არ აქვს. პერსპექტივაც არ ჩანს, კლუბს არ ჰყავს მეპატრონე, მუნიციპალურ ბალანსზეა და ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას ვერ იწყებენ.

გუნდი ვერ მოახერხებს დაკომპლექტებას და მისი გავარდნა ქართულ ფეხბურთს და “ტორპედოს” უკან დახევს, რადგან ნაკრების ერთ-ერთი ტრადიციული მომმარაგებელია. “ალიანს ჰოლდინგის” დამფუძნებელსა და პრეზიდენტს აქვს შორსმიმავალი გეგმები, რომ “ტორპედო” აღმოსავლეთ ევროპის ტოპ-10 გუნდში იყო. ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ველაპარაკეთ. როდესაც ეს ამბები გაირკვა, კახა ჩხეტიანსაც ვესაუბრეთ და ის იმედიანადაა.

ვიცით, რომ ჩვენი კონკურენტი არსებობს, კონკურენცია კარგია, რადგან უკეთესმა უნდა გაიმარჯვოს. ამაში საკამათო არ უნდა იყოს და გაიმარჯვოს მან, ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს და გარანტიებს წარადგენს. ჩვენ ფინანსურ გარანტიებსაც წარვადგენთ და ამ სურვილს გავამყარებთ. მთავარია, ახლა ვინაა მზად შევიდეს კლუბში და “ტორპედოს” დაკომპლექტება დაიწყოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაგრამ გარანტია უნდა იყოს, რომ გადმოგვეცემა, თორემ დიდ თანხაზე საუბარი.

მხარის გუბერნატორს შევხდით. ზუსტი პასუხი არაა, ითხოვენ სახელმწიფო სტრუქტურის ჩართულობას. ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემაა. ამ შეხვედრების შემდეგ გვთხოვეს, ცენტრალური ხელისუფლება ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. მაგრამ ახლა დროის დეფიციტი გვიშლის ხელს. თუმცა შესაბამისი გარანტიების შემთხვევაში მზად ვართ, კლუბში ახლავე შევიდეთ.

გუნდმა სეზონი რომ ჩაამთავროს, დაახლოებით 5 მილიონი ლარია წელს საჭირო და ამისთვის მზად ვართ. ოთხშაბათს ქუთაისში მივდივართ და, დიდი ალბათობით, რეგიონის ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს შევხვდებით.“.

დავით ლორთქიფანიძე: „ხელისუფლება ფეხბურთში წლებია სერიოზულ ინვესტიციებს დებს, რამაც ბევრი მუნიციპალიტეტის კლუბს საშუალება მისცა, არ გამქრალიყო. მაგრამ კერძო ინვესტიცია განსაკუთრებით მნიშნელოვანია. გადაწყვეტილებები დროულადაა მისაღები, რომ კლუბი რაც შეიძლება მალე გადავიდეს კომპანიის საკუთრებაში, რომ ვალები დროულად გადავიხადოთ, საქარველოსთვის 20 მილიონი პატარა ინვესტიცია არ არის. ამიტომ ჩვენ შევხვდებით ქუთაისელ გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

არა მგონია, 21-ე საუკუნეში იურიდიულად გამართულ შეთავაზებაზე ადგილობრივი ხელისუფლება არ წამოვიდეს. ეს კონკრეტული შემოთავაზეაა და კლუბის დავალიანების გასტუმრებაზეა ლაპარაკი“.