ვეინალდუმმა ვან ბასტენს გაასწრო – პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

0
17

ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე ევრო-2020-ზე იტალიის შემდეგ მეორე აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო.

C ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ნიდერლანდელები ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდნენ და 3:0 დაამარცხეს.

შეხვედრის 24-ე წუთზე ანგარიში ფრანკ დე ბურის გუნდის ლიდერმა მემფის დეპაიმ გახსნა.

ამის შემდეგ, ჯორჯინიო ვეინალდუმის დრო დადგა, რომელმაც 51-ე წუთზე დეპაის პასის მერე თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა.

58-ე წუთზე ვეინალდუმმა დუბლი შეასრულა და ეროვნულ ნაკრებში თავი 25 გოლს მოუყარა. მან ამ შედეგით ლეგენდარულ მარკო ვან ბასტენსა და დირკ კიუიტს გაასწრო.

ვეინალდუმმა ნიდერლანდების ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-13 ადგილზე გადაინაცვლა და რაფაელ ვან დერ ვარტს გაუთანაბრდა.

ჩრდილოეთ მაკედონიამ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე სამივე თამაში წააგო.

აქვე გეტყვით, რომ ბალკანელთა ლიდერმა გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მატჩის მეორე ტაიმში როდესაც პანდევი შეცვალეს, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელებმა მას საპატიო კორიდორი მოუწყვეს.

თამაშის დაწყებამდე ნიდერლანდელთაა კაპიტანმა ვეინალდუმმა ბალკანელს თავისი ქვეყნის ნაკრების მაისური გადასცა, რომელზეც გორანის მიერ ჩრდილოეტ მაკედონიის ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობაა გამოსახული – 122.