„დილა“ „იბერიას“ კიდევ უფრო მიუახლოვდა

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრის მეორე სათამაშო დღემ სტარტი გორში აიღო, სადაც ადგილობროვმა „დილამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
შეხვედრის 34-ე წუთზე იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილების შეტევის დროს, ფრანგმა ჟან-მარკ ტიბუემ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ კონგოელ დეო ბასინგას, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0. ამ ეპიზოდში მცველები აშკარად შეცდნენ და ლუკა კუტალაძესაც კარიდან გამოსვლა მართებდა.
89-ე წუთზე საგარეჯოელთა მცველმა გიორგი გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „დილას“ კუთხურის შემდეგ, სტუმართა დაცვა „ჩავარდა“ და უმეთვალყურეოდ დარჩენილი პედრო მენდეშის თავური მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ პორტუგალიელმა ზუსტად დაამატა – 2:0.
„დილას“ 41 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე – სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ თბილისის „იბერიას“. გიორგი მიქაძის თავკაცობით „გარეჯმა“ 18 ქულა დააგროვა და მერვეა.
დილა 2:0 გარეჯი 
ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა – 2:1. მე-17 წუთზე ქუთაისელთა შეტევის დროს ბრაზილიელმა ვარლეიმ მარჯვენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში სერბ კომნენ ანდრიჩს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0. 55-ე წუთზე ოთარ გაგნიძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, სამ მეტოქეს გაექცა და დაახლოებით 20 მეტრიდან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1. 90-ე წუთზე გაგრელთა ნახევარზე მყოფმა ბრაზილიელმა ჟორჟინიომ გრძელი პასით სტუმართა კარის წინ გახსნილი ალეკო ბასილაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად შეაგდო.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 30 ქულით მეოთხეა, ხოლო გიორგი ონიანის დამოძღვრილ „გაგრას“ 20 ქულა აქვს და მეშვიდეა.
ტორპედო 2:1 გაგრა 
ლაშა თაბაგარი