თბილისის „იბერიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლევან კორღალიძის ნაცვლად დანიშნული გია გეგუჩაძის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიხსნა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ერთ-ერთ აუტსაიდერს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ვალერი გაგუას გაწვრთნილი გუნდის წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ სტუმრები 32-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ.
მატჩის მე-9 წუთზე „თელავის“ ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს გიორგი ტაბატაძემ მეტოქის საჯარიმოში ნიდერლანდელი მცველი დერეკ აგიაკვა მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0. ცოტა ხანში, „იბერიას“ კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლო, მაგრამ კართან ახლოს მდგომი გურამ გოშთელიანის თავური მეკარემ გაანეიტრალა.,
32-ე წუთზე „თელავი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ტატო ჟივიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
36-ე წუთზე თელაველებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს და დავით გოგოტიშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ფირუზ გაბიტაშვილმა ერთი შეხებით გაიტანა – 1:1.
45-ე წუთზე ნიკოლოზ დადიან კარგად გაითამაშა „კედელი“გოშთელიანთან და მეკარესთან პირისპირ გასულმა თბილისელები კიდევ ერთხელ დააწინაურა – 2:1. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე აგიაკვა ანდრია დევდარიანთან ორთაბრძოლის დროს დაეცა, ხოლო თელაველთა ნახევარმცველმა საჯარიმომდე ბურთიანად ირბინა და პასი ჯადული იობაშვილს გაუკეთა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა – 2:2. თუმცა, ამ ეპიზოდში იობაშვილი დაშავდა და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გასულა.
„იბერია“ გამარჯვებას თავგამოდებით ცდილობდა, მაგრამ 85-ე წუთზე „თელავის“ იშვიათი კონტრშეტევის დროს ელდარ პარკინაშვილმა პასი საჯარიმოში მიხეილ ბაშალეიშვილა გაუკეთა, რომელმაც ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ შეაგდო – 2:3. დარჩენილ დროში „იბერია“ თამაშის გადასარჩენად მთელი გუნდით წავიდა მეკარე გიორგი მაკარიძის ჩათვლით, თუმცა ამაოდ და ანგარიში არ შეცვლილა. „იბერია“ 44 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია, ხოლო „თელავი“ 15 ქულით ბოლოსწინაა.
იბერია 1999 2:3 თელავი
წყალტუბოს „სამგურალმა“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. მასპინძლებმა თითქმის მთელი შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაატარეს, რადგან მე-5 წუთზე უხეშობისთვის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯეფერსონ ჯერალდო გააძევეს.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ბრაზილიელი ფერნანდო ბულის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მისმა თანამემამულე ველისოლმა თავისი დებიუტი შეუჩერებელი დარტყმით „ცხრიანში“ გატანილი გოლით აღნიშნა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გიორგი ფანცულიამა პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბრაზილიელი ტიაგო გომესის გაწვრთნილ „სამგურალს“ 18 ქულა აქვს და მეშვიდეა, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით „კოლხეთს“ 13 ქულა აქვს და ბოლოა.
სამგურალი 2:0 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი





