საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ნაკრების მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება.
საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, ხოლო საქართველო – ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია 7 აგვისტოს დაიწყება.
ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.
ლაშა თაბაგარი





