„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიად გამართულ ნახევარფინალში სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ გასული სეზონის თასის ფინალისტ ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მოედნის ცენტრში მეტოქესთან ორთაბრძოლაში მაინც მოახერხე ჟესუსისთვის პასის გაკეთება, რომელმაც თავის მხრივ საუცხოო გადაცემა მისცა მეტოქის საკჯარიმოში გახსნილ ჯოვანი სიმეონეს, ამ უკანასკნელმა კი შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
43-ე წუთზე იკონემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მარიო რუისა და კვარაცხელიას შორის „შეიგდო“, რის შემდეგ წაიქცა. მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან არ გადაამოწმა დაა საკამათო პენალტი დანიშნა. იკონემ თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი კარს დიდი მანძილით გადააცილა.
კვარაცხელია 72-ე წუთზე ზელინსკიმ შეცვალა. 84-ე წუთზე „ნაპოლიმ“ კუთხური ჩააწოდა და მეტოქი საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა დი ლორენცომ მოიგო, შორეულ კუთხესთან მდგომმა შეცვლაზე ცოტა ხნოთ ადრე შესულმა ძერბინმა კი ანგარიშში ხვაობა გაზარდა – 2:0. 86-ე წუთზე ძერბინმა ბურთი „ფიორენტინა“ ნახევარზე მიიღო, მცველს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში შესულმა დუბლი მიითვალა – 3:0.
წელს იტალიის სუპერთასი ახალი ფორმატით ჩატარდა. თუ მანამდე ერთმანეთს სერია A-ს გამარჯვებული და ქვეყნის თასის მფლობელი ხვდებოდნენ, ამჯერად ოთხი გუნდი მონაწილეობს – იტალიის ჩემპიონი, ვერცხლის პრიზიორი, თასის მფლობელი და თასის ფინალისტი. დღეს გასამართ მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ინტერი“ და რომის „ლაციო“ დაუპირისპირდებიან. „ინტერმა“ გასულ სეზონში თასი მოიგო, ხოლო „ლაციო“ მეორე ადგილზე გავიდა. 22 იანვარ „ნაპოლი“ ფინალში „ინტერი“ – „ლაციოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





