მიქაუტაძის „ვილიარეალის“ საშინაო მარცხი „ბარსელონასთან“

0
8

„ვილიარელი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში შინ „ბარსელონასთან“ ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის მე-12 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში შეჭრილი რაფინია წააქცია სანტი კომესანიამ და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი რაფინიამ ზუსტად შეასრულა – 0:1. 39-ე წუთზე „ვილიარელის“ მცველი რენატო ვეიგა უკნიდან ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა ლამინ იამალს და გააძევეს.
63-ე წუთზე „ბარსელონას“ ხანგრძლივი შეტევის დროს „ვილიარელის“ მცველებმა თავისი საჯარიმოდან ვერ მოიგერიეს ბურთი, რომელიც საბოლოოდ იამალს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა,
მიქაუტაძე თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო და ფაქტობრივად ბურთთან პირველი შეხებით სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი ორ მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა. „ბარსას“ ფეხბურთელიდან საქართველოს ნაკრების ფორვარდზე კონტაქტი იყო, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში „ვილიარეალის“ კონტრშეტევის დროს, მიქაუტაძემ მცველს სისწრაფეში აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დაარტყა, მაგრამ ჟოან გარსიამ ბურთი ფეხით მოიგერია. თუმცა, შეტევა გაგრძელდა მასპინძლების ფეხბურთელის დარტყმის მერე, მცველიდან ბურთი ისევ საჯარიმოში მყოფ მიქაუტაძეს მიუვიდა, რომელმაც ამჯერად კარს ააცილა. საბოლოოდ, „ვილიარელმა“ თამაში ვერ გარდატეხა და 35 ქულით 20 გუნდში მეოთხეა, ხოლო „ბარსელონა“ 46 ქულით ლიდერობს. ცნობისთვის, „ვილიარეალს“ შინ „ბარსელონა“ ყველა ტურნირში ჩატარებულ ზედიზედ 17 მატჩში არ დაუმარცხებია.

ლაშა თაბაგარი