ტაბატაძემ და ნარიმანიძე დებიუტანტებისთვის განკუთვნილი საჩუქრები მიიღეს

0
2

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიცია არ დაარღვია და როგორც მცველ ალექსანდრე ნარიმანიძეს, ასევე ფორვარდ იური ტაბატაძეს დებიუტანტებისთვის განკუთვნილი სპეციალური საჩუქრები გადასცა. ფეხბურთელებმა კუთვნილი საჩუქრები ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილისგან მიიღეს.
იური ტაბატაძე: „ძალიან გახარებული ვარ. გუნდს კარგად შევეწყვე, ვინაიდან ბიჭებს თითქმის ყველას ვიცნობდი, ძალიან კარგად დამხვდნენ. ჩემი ტრანსფერი პირველ ყოვლისა იმას ემსახურებოდა, რომ რაც შეიძლება მალე აღმოვჩენილიყავი აქ. ძალიან გამიხარდა, რომ ეს ორ თვეში მოხდა.
ახლა, ჩემი მთავარი მიზანია, რომ ამ ნაკრების სტაბილური წევრი გავხდე და მაქსიმალურად დავამტკიცო, რომ აქ ყოფნა შემიძლია. ძალიან მინდოდა მსგავსი სუვენირი, წინა წლებში დებიუტანტებს რომ აძლევდნენ, სულ მქონდა განცდა, რომ მოვა დრო და მეც ავიღებ-მეთქი. მიხარია, რომ ამას მივაღწიე, დანარჩენი წინაა და ვნახოთ“.
ალექსანდრე ნარიმანიძე: „არ ველოდი გამოძახებას, რადგან ვიცოდი, რომ 21-წლამდელების ნაკრებში მივდიოდი. ამიტომ, ძალიან გახარებული შევხვდი ამ ყველაფერს. გაოცებული დავრჩი, რადგან პირველივე დღიდან ყველანი ძალიან თბილად მექცეოდნენ და ძალიან მარტივად მიმიღეს. ამიტომ, არ გამჭირვებია ბიჭებთან კომუნიკაციაში შესვლა.
ვფიქრობ, ასეთ ფეხბურთელებთან ვარჯიში ძალიან ბევრ გამოცდილებას მომცემს და იმედია, ხშირად ვიქნები ამ ნაკრების წევრი. უცხოეთში რაც წავედი, ქართულ ნივთებს და დროშებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, ამიტომ, ეს დროშა ჩემს ოთახში საპატიო ადგილს დაიკავებს“.
ლაშა თაბაგარი