სანიოლი: “მთავარი მიზანია ისეთი მოტივაცია გვქონდეს როგორიც ევროპის ჩემპიონატამდე”

0
3

ვილი სანიოლისთვის მთავარია, რომ საქართველოს ნაკრების ისეთივე მოტივირებული იყოს, როგორც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატამდე. ჩვენი გუნდის ფრანგმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან გასამართ მატჩამდე, დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩატარებულ პრესკონფერენციქაზე განაცხადა, რომელსაც შეკრებაზე პირველად გამოძახებული “კადისის” ფორვარდი იური ტაბატაძეც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “გუნდში კარგი განწყობაა, უკეთესი, ვიდრე ბოლო პერიოდში. ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ თუ რა გველდოება მომავალში, როგორი უნდა იყოს რეალური მიზნები. ბოლო პერიოდში შედეგები ცუდია, მაგრამ ვიცსაუბრეთ თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ. პირადად ტაბატაძესთან ბევრი არ მისაუბრია, ის ჯერ ადაპტაციის პროცესშია. მას ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატში თამაშის პერიოდში ვაკვირდებოდი.
ესპანეთთან არაერთხელ ვითამაშეთ, ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ამიტომ, არ გვაქვს ამბიცია, რომ მათზე უკეთ ვითამაშებთ, რადგან ეს არ შეგვიძლია. ჩვენი მიზანია, რომ იმაზე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ, ვიდრე წინა შეხვედრებში. ესპანეთში 0:2 წავაგეთ, შეიძლებოდა, უფრო დიდი ანგარიშით წაგვეგო, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ემოციის არქონა და ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა იყო.
ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო, დრო დაგვჭირდა ეიფორიიდან გამოსასვლელად. გამოცდილი ფეხბურთელებისთვის ეს კარიერის მთავარი მიღწევა იყო და ამიტომ, გაჭირდა ამბიციების შენარჩუნება. ახლა მთავარი მიზანია, რომ ეს ამბიცია დავაბრუნოთ და ისეთი მოტივაცია გვქონდეს, როგორიც ევროპის ჩემპიონატამდე.
ჩვენნაირი პატარა გუნდისთვის რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელის შეცვლა ძნელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სახეების გამოჩენა და შევსება. მომდევნო ორი მატჩი რაღაც ახლის საწყისი წერტილი უნდა იყოს, მჯერა, რომ მომავალში, მარტში, ივნისში, ერთა ლიგაზე ბევრად უკეთ ვითამაშებთ.
ისტორია შეიძლება იყოს მოტივაცია, ესპანეთის ხარისხი აშკარაა, მაგრამ ვეცდებით მივაღწიოთ გამარჯვებას, რომელიც დიდ პრესტიჟს მოგვცემს და ახალ ერას დავიწყებთ. ვიმედოვნებ, ფეხბურთელები ძალისხმევას არ დაიშურებენ და იმუშავებენ, რათა გულშემატკივრებთან კარგი ქიმია ჰქონდეთ, არის კარგი მომენტები, ცუდი მომენტები და უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიცხოვროთ ორივესთან, როგორც კარგ ქორწინებაში. სწორედ რთულ დროს გვჭირდება მხარდაჭერა, ესა ჩემი გზავნილი ქომაგების მიმართ.
მიქაუტაძეს მიკროტრავმა აქვს და სავარაუდოდ ორი კვირა ვერ ითამაშებს. კაკაბაძეს აქილევსის ქუსლი დიდი ხანია აწუხებს და ამის გამო, ბოლო მატჩებში სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა. მას დიდი ალბათობით რამდენიმე თვე გაუცდება”.
იური ტაბატაძე: “„ძალიან ბედნიერი ვარ ნაკრებში ყოფნით. ასაკობრივი ნაკრებებიდან თითქმის ყველას ვიცნობ, ხოლო უფროსები ძალიან მეგობრულად დამხვდნენ და ცდილობენ დახმარებას. ეს წელი ჩემთვის კარგია, „კადისშიც“ კარგად დავიწყე, ბევრი ფიქრობდა, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო, მაგრამ არ დავნებდი და როდესაც არ ნებდები, ყველაფერი შესაძლებელია. ერთმანეთის სიყვარულით, შრომით და თავდადებით ყველაფერი შეიძლება მოვახერხოთ. ბიჭებმა ვისაუბრეთ და ფანებს უნდა დავუფასოთ ის ემოცია, რასაც ნაკრებს ჩუქნიან. ორივე ფლანგზე თამაში შემიძლია, მაგრამ ალბათ, უფრო მარჯვენა ფლანგზე უკეთ შემიძლია. თუმცა, სანაც ნაკრებისთვის ვიქნები საჭირო, იქ ვითამაშებ, პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს“.
საქართველო-ესპანეთის შეხვედრა “დინამო არენაზე” ჩატარდება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
4 ტურის შემდეგ, E ჯგუფში 12 ქულით ლიდერი ესპანეთია, ხოლო 9 ქულით მეორე ადგილზე თურქეთია. საქართველოს 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა.