21-წლამდელებს ეგოიანი ვერ დაეხმარება

0
4

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ათენში, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მინდორზე პირველი ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი, საბერძნეთთან მატჩს 14 ნოემბერს, პანათინაიკოსის სტადიონზე – “ლეოფოროსზე” გამართავს. 19:00 საათზე, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ახალგაზრდული ნაკრები, მიმდინარე შეკრებას დანაკლისით შეხვდება, ნიდერლანდებში მოთამაშე ექსელსიორის ნახევარმცველი – ირაკლი ეგოიანი შეკრებას ტრავმის გამო გამოტოვებს. მიმდინარე შეკრების და საბერძნეთთან მატჩის შესახებ გუნდის წევრებმა – ნიკოლოზ დადიანმა და საბა ხარებაშვილმა ისაუბრეს.
ნიკოლოზ დადიანი: „ვემზადებით ამ მატჩებისთვის. თითოეულ ფეხბურთელს გათვითცნობიერებული აქვს, რომ საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან გვიწევს თამაში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უფრო დიდი მოტივაცია და შესაძლებლობაა, რომ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და ქვეყანა. ვსწავლობთ მეტოქის დადებით და უარყოფით მხარეებს. იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეკრება გამოვა და შემდეგ უკვე გერმანიასთან მატჩისთვის გადავერთვებით“.
საბა ხარებაშვილი: „დავიწყეთ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მომზადება. თითოეულ ჩვენგანს გაანალიზებული აქვს, როგორი მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეკრება იყოს ნაყოფიერი. ჯგუფის პირველ ადგილოსანს ვხვდებით და ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ ჩვენი შესაძლებლობები და ძალა გამოვაჩინოთ“.
3 ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ჩვენი მომდევნო მეტოქე – საბერძნეთი 9 ქულით ლიდერობს.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული).
ლაშა თაბაგარი