კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე თბილისის „სპაერმა“ არსებობის ისტორიაში ევროთასზე პირველი შეხვედრა ჩაატარა. უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ანზორ კიღურაძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ვენის „აუსტრიას“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა. ცნობისთვის, ქართული ფეხბურთელი ისტორიაში „სპაერი“ ქვედა ლიგის პირველი გუნდია, რომელიც ევროტურნირში თამაშობს.
მატჩის დასაწყისში ავსტრიელთა კარის აღების შანსი პაპუნა ფონიავას ჰქონდა, რომელმაც ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
მე-8 წუთზე „აუსტრიამ“ კუთხური ჩააწოდა და თბილისელმა ფეხბურთელებმა რამდენიმე მცვდელობის მიუხედავად ბურთი ვერ მოიგერიეს, რასაც მარცხენა ფლანგიდან გუენოუჩეს ჩაწოდება მოჰყვა, ხოლო ფიშერმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის სტარტზე ვენელთა შეტევის დროს თბილისელთა მეკარე ჯაბა ფუტკარაძემ ორჯერ ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია და მასპინძლებს კიდევ უფრო დაწინაურების საშუალება არ მისცა.
75-ე წუთზე დაახლოებით 18 მეტრიდან ფიტცის დარტყმის შემდეგ, ფუტკარაძემ მარჯვენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი მოიგერია, რომელიც შემდეგ ძელს მოხვდა და საბოლოოდ, ქართველი მეკარის ნადავლი გახდა. 82-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით კარს რანფტლი დაემუქრა და ისევ ფუტკარაძე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
90-ე წუთზე ფიტცის დარტყმის შემდეგ, თბილისელთ საჯარიმოში ბურთი ხელში საბა მაისურაძეს მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ფიტცმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
„სპაერი“ საპასუხო შეხვედრას „აუსტრიასთან“ 31 ივლისს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
„აუსტრია“ (ავსტრია) – „სპაერი“ (თბილისი) 2:0 (1:0)
24 ივლისი. ვენა. სტადიონი „გენერალი არენა“.
„აუსტრია“: საჰინ-რანტლინგერი, რანფტლი, პლავოტიჩი, დრაგოვიჩი, გუენოუჩე (შაბლასი, 57), ბარი (შალიჩი, 87), კანგ-ჰი ლი, ფიშერი (კ), ფიტცი, ზარკარია (ბოატენგი, 79), მელოუნი (ბოტიჩი, 57)
მთავარი მწვრთნელი: შტეფან ჰელმი.
„სპაერი“: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე (კ), ბუნტური, სამხარაძე, წურწუმია მატენჯვა, 78), მაისურაძე, ბარაბაძე (ჩოთალიშვილი, 90+5), ფონიავა (ცეცხლაძე, 83), გეგიაძე (კობახიძე, 90+5), ცეცხლაძე (ბასილაშვილი, 78).
მთავარი მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე.
გოლები: 1:0 ფიშერი (8), 2:0 ფიტცი (90+1)
გაფრთხილება: სამხარაძე (60), გეგიაძე (90+4)
მთავარი მსაჯი: მ. დოჰალი (სლოვაკეთი).
ლაშა თაბაგარი





