ქუთაისის „ტორპედომ“ უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად კვიპროსის „ომონიასთან“ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით წააგო.
მატჩის პირველ წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მასურასმა პასი სემედუს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
მე-16 წუთზე ისევ სემედუს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, როდესაც საჯარიმოშ მყოფმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ოთო გოშაძემ ბურთი მოგერიებით, „ტორპედო“ გოლის გაშებას გადაარჩინა.
მე-20 წუთზე „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა შეტევის დაწყების მცდელობის დროს ბურთი თავის ნახევარზე დაკარგეს და მასურასის გადაცემის შემდეგ, ცნობილმა ჩერნოგორიელმა ფორვარდმა სტევან იოვეტიჩმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
25-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ფრეიტასმა ნახტომში „ომონია“ გადაარჩინა – ბურთი კუთხურზე მოიგერია, სტანდარტულის ჩაწოდებიშე შემდეგ, მეტოქის კარის აღებას სორი მანე შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ.
მე-40 წუთზე ლოიზოუ ჯერ მამუჩაშვილს გაცდა, შემდეგ თორნიკე ნადარაიას და „ტორპედოს“ საჯარიმოს ხაზიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ისევ გოშაძემ იყოჩაღა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიტსოსმა ქუთაისელთა საჯარიმოში სემედუ მოძებნა, რომელმაც ბურთი მკერდით მიიღო და ვარდნაში დაარტყა, თუმცა, გოშაძემ ბურთი უკუაგდო. 54-ე წუთზე კოსულოსმა პასი „ტორპედოს“ საჯარიმოში გახსნილ ლოიზოუს არ დაუგვიანა, რომელმაც რამდენიმე მეტრიდან კარში თავით ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ირაკლი ბიძინაშვილმა „კედელი“ ბიორნ იონსენთან გაითამაშა და „ომონიას“ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ ფრეიტასმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. საპასუხო შეტევაში ისევ ლოიზოუმ დაარტყა სახიფათოდ და გოშაძემ ქუთაისელები მორიგ ჯერზე გადაარჩინა.
63-ე წუთზე იონსენმა კვიპროსელთა ნახევარზე ჩაჭრა ბურთ, რომელიც ფელიპე პირესსგადააწოდა და ბრაზილიელის პასის შემდეგ, ბიძინაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ, თუმცა ცოტა არაზუსტად დაარტყა.
„ტორპედო“ 31 ივლისს „ომონიას“ უმასპინძლებს და დაფიქსირებული ანგარიშიდან გამომდინარე უშანსოდ ნამდვილად არაა.
„ომონია“ (კვიპროსი) – „ტორპედო“ (ქუთაისი) 1:0 (1:0)
24 ივლისი. ნიქოზია. „ნეო ჯსპ სთედიუმ“.
„ომონია“: ფრეიტასი, მასურასი (დიონკუ, 64), კულიბალი, პანაიოტუ, კიტსოსი, კოსულოსი (კ) (ერაკოვიჩი, 80). მარიჩი, სემედუ, ევანდრო, ლოიზოუ (ინგებრიგტსენი, 80), იოვეტიჩი (სტეპინსკი, 60).
მთავარი მწვრთნელი: ჰენინგ ბერგი.
„ტორპედო“: გოშაძე, ვარლეი, მანე, სიმიჩი, ნადარაია (ჟორჟინიო, 71), ითრაკი, მამუჩაშვილი (კ), ბიძინაშვილი (კოხრეიძე, 90+3), პირესი, ღუდუშაური (ბასილაძე, 71), იონსენი (ანდრიჩი, 87).
მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი.
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (20)
გაფრთხილება: სემედუ (49), ბიძინაშვილი (89), ანდრიჩი (90+1)
მთავარი მსაჯი: ლ. ფანდრიხი (შვეიცარია)
ლაშა თაბაგარი





