კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღემ სტარტი ქობულეთში აიღო, სადაც კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ფოთის „კოლხეთმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა, რომელსაც ვლადიმერ კაკაშვილი ავარჯიშებს.
ფოთელთა საშინაო არენა „ფაზისი“ ისევ არაა იმ მდგომარეობაში, რომ ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლოს, რის გამო, „კოლხეთი“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ისევ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში თამაშობს.
განვლილ შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა. თუმცა, მნიშვნელოცანი ის იყო, რომ „დინამოში“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ითამაშა. ის თბილისელტა რიგებში 2003-2005 წლებში გამოდიოდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის გარდა, დავით ყიფიანის სახელობის თასსაც დაეუფლა. 38 წლის კანკავამ ფოთელებთან დაპირისპირებაში მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
„დინამოს“ გარდა, სხვადასხვა დროს კანკავას უკრაინის კიევის „არსენალში“, „დნიპროში“, „კრივბასში“, საფრანგეთის „რეიმსში“, ყაზახეთის „ტობოლსა“ და სლოვაკეთის „სლოვანში“ უთამაშია. ის 9 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას 101 თამაში აქვს ჩატარებული და 10 გოლი გაიტანა. 2024 წელს კი ეროვნულ გუნდთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, მაგრამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და გერმანიაში ჩატარებულ ტურნირზე არ უთამაშია.
კანკავას გარდა „დინამოში“ შუახაზელმა ვაკო გვილიამ იასპარეზა, რომელსაც არათუ ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბში, არამედ საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. იგი სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.
მან საფეხბურთო კარიერა უკრაინული ზაპოროჟიეს “მეტალურგში” დაიწყო. შემდეგ ბელარუსის “მინსკის” და ბატეს, შვეიცარიული “ლუცერნის”, პოლონური “გურნიკის”, “ლეგიას”, “რაკუვისა” და “პიასტის” რიგებს იცავდა.
თბილისის „დინამო“ 4 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, ხოლო „კოლხეთი“ 1 ქულით მეცხრეა.
კოლხეთი 1913 0:0 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი
