გიორგი ზარიამ ალმათის „ქაირათში“ გადასვლის შემდეგ, ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-2 ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ორდაბასი“ მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა ფორვარდმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, როდესაც დაახლოებით 22-23 მეტრიდან დაარტყა და ბურთი “ცხრიანში” ჩაეშვა. 38-ე წუთზე მასპინძლები კიდევ უფრო ჟოაო პაულომ დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ზარიამ პენალტი გოლად გარდასახა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. 27 წლის ფეხბურთელი „ქაირათში“ მეორე სეზონია გამოდის და შარშან ჩემპიონატში ჩატარებულ 23 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ყაზახეთის ლიგის თასზე 5-ჯერ ითამაშა და 3 გოლი მიითვალა. ალმათელებიდან ბოლო გოლი თავის ანგარიშზე სტანოიევმა ჩაიწერა. ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი ტრავმირებულია და ამიტომ „ქაირათის“ განაცხადში არ იყო.
პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში “კრაკოვიამ” თავის მოედანზე “რადომიაკს” უმასპინძლა და 1:2 წააგო. დამარცხებულებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად უკაპიტნა. “კრაკოვია” 38 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





