ლობჯანიძემ უზბეკეთში გოლით დაიწყო

0
24

ელგუჯა ლობჯანიძემ უზბეკეთის სუპერლიგაში ახალი სეზონი გოლით დაიწყო. „ყიზილყუმმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი გამოდის, თერმეზის „სურხონი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
ლობჯანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. მან ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე საბოლოო წერტილი დასვა, როდესაც საჯარიმოში შეჭრილმა წინ გამოსულ მეკარეს გვერდი აუარა და ბურთი კარში ზუსტად გაგზავნა.
32 წლის ლობჯანიძემ შარშან „ყიზილყუმის“ მაისურით უზბეკეთის ჩემპიონატში 17-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა. განვლილ შეხვედრაში, მასპინძლებში ჯაბა ჯიღაურმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
“კოკანდი” თავის მოედანზე “ანდიჟანს” დაუზავდა. მასპინძლებიდან ანგარიში ანდრო გიორგაძემ გაათანაბრა, როდესაც მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 23-ე ტურში „ნირედჰაზამ“, სადაც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, „დიორი“ მიიღო და 0:1 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებს დაწინაურება 32-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს, ხოლო სტუმრებმა ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე გაიტანეს. „ნირედჰაზა“ 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი