ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით საფრანგეთის 23-ე ტურში ორი საგოლე პასი შეასრულა. „ანჟერთან“ საშინაო მატჩს „სენტ-ეტიენი“ ჯერ 0:2 აგებდა, შემდეგ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო.
სტუმრებიდან მე-7 წუთზე ანგარიში აბდელიმ გახსნა, რომელმაც 10 წუთში დუბლი შეასრულა. 36-ე წუთზე კარდონამ ერთი ბურთი გაქვითა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტოში არ იყო, რაც იშვიათად ხდება და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მისი გადაცემის შემდეგ 52-ე წუთზე ეკვამ ანგარიში გაათანაბრა. 74-ე წუთზე დავითაშვილი შეტევის მარცხენა ფლანგზე მცველს იოლად გასცდა და საჯარიმოში შესულმა პასი კარდონას მისცა, რომელმაც „სენტ-ეტიენი“ დააწინაურა – 3:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე მასპინძლების მცველი თავის საჯარიმოში მეტოქეს ეუხეშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც დიენგმა გაიტანა – 3;3.
დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენში“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 22-ჯერ ითამაშა და 7 გოლის გატანის გარდა, 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ლიგა 1-ში ერთ მატჩში ორი საგოლე პასი პირველად შეასრულა.
„სენტ-ეტიენმა“ 3-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა და 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. დავითაშვილს გუნდს მიჯრით 7 თამაში არ მოუგია – 3 ფრე და 4 მარცხი.
თამაშის დასრულების შემდეგ, გუნდების მწვრთნელები შეკამათდნენ, ხოლო თავის მხრივ დავითაშვილსა და დიენგს მოუწიათ მცირე შეხლა-შემოხლა, მაგრამ ემოციები მალე ჩაცხრა.
ლაშა თაბაგარი
