„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში შინ ჩემპიონობისთვის მებრძოლ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა და სამი უპასუხო ბურთი გაუშვა.
მე-12 წუთზე ანტუან გრიზმანმა ზუსტი პასი გაუკეთა „ვალენსიას“ საჯარიმოში გახსნილ სამუელ ლინოს, რომელმაც ვარდნაში დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ჯულიანო სიმეონეს პასის მერე, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მომგებმა ხულიან ალვარესმა გაიტანა – 0:1.
30-ე წუთზე გრიზმანმა თავზე „დაასვა“ ბურთი ორ მცველს შორის მოქცეულ ალვარესს, რომელმაც დუბლი შეასრულა – 0:2. მამარდაშვილს გუნდის გადარჩენის შანსი არცერთი გოლის დროს ჰქონდა.
36-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს პეპელუმ სტუმართა საჯარიმოში პასი უმარ სადიკს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით ერთი ბურთის გაქვითვის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
ტაიმის მიწურულს თავის ნახევარზე მოსკერამ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ალვარესმა ბურთი კარს აცილა. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების გოლკიპერი კარიდან დროულად გამოვიდა და არგენტინის ნაკრების ფორვარდს დარტყმის კუხე მაქსიმალურად შეუმცირა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში „ვალენსიამ“ მარცხენა ფლანგიდან შეუტია და ხოსე გაიას პასის შემდეგ საჯარიმოში, უგო დურომ ვარდნაში თავით რეალური საგოლე შანსი ხელიდან გაუშვა. ამის შემდეგ, მამარდაშვილის გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, რომელიც გოლში ვერ გადასახა. ერთ ეპიზოდში „ვალენსიას“ ფეხბურთელის დარტყმის მერე, „ატლეტიკოს“ მცველს ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
86-ე წუთზე „ატლეტიკოს“ კონტრშეტევის დროს მასპინძლების საჯრიმოში შესულმა ანხელა კორეამ შორეულ კუთხეში დაარტყა და მამარდაშვილმა ხელი შეახო ბურთს, რომელიც კარში აღმოჩნდა – 0:3.
„ვალენსია“ 23 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
