„რეალმა“ „სიტის“ მასტერკლასი კიდევ ერთხელ ჩაუტარა

0
11

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის წყვილებში ყველაზე დიდ ინტერესს „სიტი“-„რეალის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელმაც აშკარად გაამართლა. „ეტიჰადზე“ გამართულ პირველ მატჩში გულშემატკივრება 5 გატანილი გოლის გარდა, უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა და ისეც დრამატული ფინალი იხილეს.
„რეალი“ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და გოლის გატანის კარგი შანსი კილიან მბაპეს გარდა, მენდისაც ჰქონდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მასპინძელთა მეკარე ედერსონმა იყოჩაღა. მე-16 წუთზე „სიტის“ ფაქტობრივად პირველი შეტევის დროს, მადრიდელთა საჯარიმოში გვარდიოლმა მკერდით დაუგდო ბურთი ჰოლანდს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. ეპიზოდი VAR-ზე საკმაო ხანი მოწმდებოდა იმის დასადგენად ხომ არ იყო ნორვეგიელი თამაშგარეში, მაგრამ საბოლოოდ გოლი ჩაითვალა.
ამის შემდეგ, ანგარიშის გათანაბრება ვინისიუსს შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. პირველ ტაიმში „სიტის“ მეორე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, როდესაც კუთხური ჩააწოდა და აკანჯის თავურის მერე, ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა ჰოლანდმა დაარტყა და „რეალი“ გოლის გაშვებას ისევ ხარიხამ გადაარჩინა. მე-60 წუთზე დანი სებალიოსმა ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ მბაპეს, რომელმაც ვარდნაში ზუსტად დაარტყა – 1:1. “რეალს” დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბელინგემმ ედერსონს ვერ აჯობა.
მე-80 წუთზე სებალიოსმა თავის საჯარიმოში ფილ ფოდენი წააქცია და მსაკმა თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც ჰოლანდმა გამოიყენა – 2:1. ნორვეგიელმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 48 თამაშში 48 გოლი გაიტანა.
86-ე წუთზე მბაპეს დარტყმული ბურთი ედერსონმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბრაჰიმ დიასმა გაიტანა – 2:2. 86-ე წუთზე ვინისიუსმა მოედნის ცენტრში მეტოქეს დაასწრო და საჯარიმოში შესულმა ბურთი თავს ზემოთ კარიდან გამოსულ ედერსონს გადაუგდო, ხოლო ბელინგემმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:3. “რეალი” პირველი კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე 300 მატჩი მოიგო. ცნობისთვის, “რეალმა” სტუმრად “სიტი” ძირითად დროში პირველად დაამარცხა.
“სიტიმ” მიმდინარე სეზონში გვარდიოლას ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 38 შეხვედრიდან 12 წააგო, რაც 2019-2020 წლების სეზონის ანტირეკორდის გამეორებაა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 19 თებერვალს მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგება.
ლაშა თაბაგარი