მიქაუტაძის „ლიონმა“ მოურინიოს გუნდთან ქულა აიღო

0
70

„ლიონი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეშვიდე ტურში სტუმრად სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
შეხვედრა ფრანგული გუნდის უპირატესობტ წარიმართა, რომელმაც ამის მიუხედავად მასპინძლების კარი ვერ აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი დაჰყო. პირველ ტაიმში კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ტრადიციულად აქტიურმა მიქაუტაძემ ვარდნაში ეფექტურად, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმში ქართველმა ლეგიონერმა სტამბოლელთა საჯარიმოში ზუსტი პასი გუნდის კაპიტან ლაკაზეტს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავისი შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, მიქაუტაძე ფინტით თურქ მცველს გაცდა, რომელმაც თითქმის საჯარიმოს ხაზთან წააქცია და ბენრაჰმამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. შეცვლამდე მიქაუტაძეს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, როდესაც ტოლისოს გადაცემის მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა.
„ლიონი“ 14 ქულით 36 გუნდში მე-3 ადგილზეა და ფაქტობრივად გაინაღდა პირველ 8 გუნდში ადგილი, რაც 1/8-ფინალში პირდაპირ გასვლის საშუალებას აძლევს. „ლიონი“ საერთო ეტაპის ბოლო ტურში 30 იანვარს შინ ბულგარეთის „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი