მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანო ფიფამ ოფიციალური სახე მისცა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ევროპული ზონის კალათებს, რომლის მიხედვითაც 13 დეკემბერს მომავალი მუნდიალის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა და მეტოქეებად ვერ ერგება ამავე კალათაში მყოფი შოტლანდია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ფინეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ისრაელი.
ვილი სანიოლის შეგირდები ოთხგუნდიან ჯგუფში იქნებიან და შესაბამისად, ასცდებიან მეხუთე კალათაში მყოფ ნაკრებებს: მოლდოვას, მალტას, ანდორას, გიბრალტარს, ლიხტენშტაინსა და სან მარინოს.
მუნდიალის ევროპის შესარჩევ ზონაში 12 ჯგუფი იქნება, პირველიდან 6-ის ჩათვლით ჯგუფები 4-გუნდიანი იქნება და მათთვის შესარჩევი ეტაპი დაიწყება სექტემბერში და ნოემბერში დასრულდება, მე-7-დან მე-12 ჯგუფის ჩათვლით ჯგუფები კი ხუთგუნდიანია, ისინი მარტში იწყება და დასრულდება ნოემბერში.
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები. ჯგუფების 12 მეორეადგილოსანს დაემატება ოთხი გუნდი ერთა ლიგიდან და 16 ნაკრები 2026 წლის მარტში ითამაშებს პლეი ოფს და გამოარკვევს მუნდიალის კიდევ ოთხ მონაწილეს.





