ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 52-ე წუთზე მაკალისტერმა გახსნა, რომელმაც ბრედლისთან „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა. არგენტინელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
61-ე წუთზე „რეალს“ საპასუხო ბურთის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ კილიან მბაპეს დარტყმული პენალტი ალისონმა გაანეიტრალა. ფრანგმა ფორვარდმა მიმდინარე ტურნირის 5 შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა.
70-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი „ლივერპულის“ ფორვარდმა სალაჰმა ვერ გამოიყენა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა. 78-ე წუთზე რობერტსონმა მადრიდელთა საჯარიმოში ზუსტი პასი გაკპოს გაუკეთა, რომელმაც თავით კურტუას კარი აიღო – 2:0.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასუალ და „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოქმედი გამარჯვებულია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი წააგო.
„ლივერპულმა“ „რეალი“ 2009 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. მანამდე, ინგლისურმა გუნდმა 7 თამაში წააგო და 1 ფრედ დაასრულა.
„ლივერპული“ 5 ტურში მოპოვებული 15 ქულით 36 გუნდში ლიდერია, ხოლო „რეალი“, რომელმაც 5 თამაშიდან 3 წააგო, 6 ქულით ოცდამეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





