ჭიაბრიშვილმა ყოფილ გუნდთან მოიგო – საეჭვო პენალტი “დინამოს” კარში

0
38

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გაწვრთღნილმა თბილისის „დინამომ“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-15 წუთზე ბათუმელები ესპანელმა ჯალენ ბლესამ დააწინაურა, რომელმაც მთავარი მსაჯის რევაზაშვილის მიერ დანიშნული საეჭვო პენალტი გაიტანა. არადა, რევეზაშვილმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და რთული სათქმელია თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ რატომ მიუთითა.
27-ე წუთზე თბილისელთა კაპიტანმა ნიკა უგრეხელიძემ თავის საჯარიმოში პასი მეკარე მიხეილ მაქაცარიას გაუკეთა, რომელმაც ფინტით ნიკა დუმბაძისთვის გვერდის ავლა მოინდომა, მაგრამ სტუმართა ფორვარდმა ბურთი წაართვა და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
58-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მყოფი ოსკარ სანტისის დარტყმული ბურთი ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია, მაგრამ ნიკა უგრეხელიძემ ზუსტად დაამატა – 1:2.
73-ე წუთზე ფეხბურთელებს შორის მოედანზე შეხლა-შემოხლაში ორივე გუნდის მწვრთნელებიც ჩაერთნენ და საბოლოოდ რევეზაშვილმა როგორც ბლესას, ასევე თბილისელთა თავდამსხმელ მათე ვაწაძეს წითელი ბარათი აჩვენა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი სანტისმა მიიღო და ფელდჰოფერის გუნდმა თამაში 9 კაცით დაასრულა.
გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა 52 ქულა დააგროვეს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში მე-4 ადგილს ვერავინ შეეცილება, ხოლო  თბილისის „დინამო“ 39 ქულით მეექვსეა.
პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილი გორის „დილა“ სტუმრად აუტსაიდერ „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და სამი ქულა აიღო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა, როდესაც პორტუგალიელი ნობრეგას გადაცემის მერე, საჯარიმოში ბურთი დაამუშავა და ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა – 0:1.
გასულ ტურში კონფერენს ლიგის საგზურის მომპოვებელი „დილა“ 65 ქულით მესამეა, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის თავკაცობით „სამტრედიას“ 27 ქულა აქვს და ბოლოა.
„თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიირო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. იტალიელი რუდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 40 ქულა დააგროვა და მეხუთეა, ხოლო კვიპროსელი ხარალამბუს ხრისტოდულის დამოძღვრილი „თელავვი“ 31 ქულით ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი