ლევან კორღალიძის გაწვრთნილი თბილისის „იბერიას “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში შინ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
შეხვედრის მე-8 წუთზე ფოთელმა ფეხბურთელმა თავის ნახევარზე გიორგი კოხრეიძე წააქცია და დაზარალებულმა დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყა ზუსტად შეასრულა – 1:0.
73-ე წუთზე გიორგი ხარებავამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩააწოდა, სადაც ყველას გიორგი ახალაძემ აჯობა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მე-80 წუთზე მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ ფოთელთა კარში პენალტი დანიშნა, რადგან ახალაძემ თავის საჯარიმოში იური ტაბატაძე წააქცია. თერთმეტმეტრიანი კოხრეიძემ შეასრულა და „კოლხეთის“ უკრაინელმა მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა ბურთი მოიგერია. „იბერიას“ კაპიტანმა ზედიზედ მეორე პენალტი ვერ გამოიყენა.
„იბერია“ 71 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და დარჩენილ ორ ტურში ერთი გამარჯვება ეყოფა, რომ ოქროს მედლები მოიპოვოს. კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „კოლხეთს“ 35 ქულა აქვს და მერვეა.
შოტლანდიელი სტივ კინის თავკაცობით ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. მატჩის მე-13 წუთზე ნიკა სანდოხაძემ თავის ნახევარზე ბურთი ხელით ჩაჭრა და მთავარმა მსაჯმა შენგელიამ ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მისცა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-7 წუთზე ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა ანგარიში პენალტიდან გახსნა. 76-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და მას მერე რაც ბურთი გაგრელთა მცველს შეეხო კარში აღმოჩნდა – 2:0.
„ტორპედო“ 67 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო გიორგი ონიანის „გაგრა“ 35 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





