მადრიდის „რეალმა“ მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში აუცილებლად შევა. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილებმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ პირველი ტაიმი 0:2 წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე „ცეცხლი დაანთეს“ და ის თამაში აჩვენეს, რისთვის მილიონობით ადამიანს ფეხბურთი უყვარს. ცალკე საუბრის თემაა ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი, რომელმაც როგორც იტყვიან „იფრინა“.
მატჩის 30-ე წუთზე ესპანელების საჯარიმოში მყოფმ გირასიმ კარგი პასი გაუკეთა მალენს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. 34-ე წუთზე მალენის გადაცემის მერე გიტენსმა გერმანელები კიდევ უფრო დააწინაურა – 0:2.
მე-60 წუთზე დორტმუნდელთა საჯარიმოში მყოფმა მბაპემ მარჯვნიდან ჩააწოდა და რუდიგერმა თავით გაიტანა – 1:2. 62-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან მბაპეს დარტყმის საშუალება გერმანელმა მცველმა არ მისცა, რომლის ფეხიდან ბურთი ვინისიუსს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ერთ წუთში „ბორუსიას“ მცველმა თავისდა უნებურად „კედელი“ ლუკას ვასკესს გაუთამაშა და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ესპანელმა მახვილი კუთხიდან მადრიდელები დააწინაურა – 3:2.
86-ე წუთზე ვინიუსმა თავისი ნახევარიდან წამოიღო ბურთი და გზად სამ მოწინააღმდეგეს გაცდა, რის შემდეგ საჯარიმოსი გარედან აუღებლად დაარტყა – 4:2. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ვინისიუსი დორტმუნდელთა ნახევარზე ერთ მეტოქეს გაცდა, შემდეგ საჯარიმოში კიდევ ორს გაექცა და მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ შეაგდო – 5:2.
ლაშა თაბაგარი





