ბათუმის „დინამომ“ კრიტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-9 მატჩი ვერ მოიგო. 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თავის მოედანზე თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. განვლილ შეხვედრაში ბათუმელებს დისკვალიფიკაციის გამო ე.წ. ტექნიკური ზონიდან უკრაინელი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო ვერ ხელმძღვანელობდა.
მატჩის 28-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ონორე გომისმა ზუსტი პასი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ ანგოლელ ლეგიონერ მარიო ბელიბელდიას გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0. მან საქართველოს ჩემპიონატში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. 34-ე წუთზე ბათუმელთა ალბანელმა ლეგიონერმა ვერდი მარამ თბილისელთა საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთმა გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა.
81-ე წუთზე მასპინძლების ნახევარზე ჯარიმა დაინიშნა, რომელიც საბა ხარებაშვილმა შეასრულა და პასი ბათუმელთა საჯარიმოში გახსნილ სოლომონ კვერკველიას გაუკეთა, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 1:1. მან თბილისის „დინამოში“ გადასვლის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და სტუმართა მეკარე მიხელ მაქაცარიამ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ბათუმის „დინამო’ 37 ქულით 10 გუნდში მეოთხეა, ხოლო ავსტრიელი ფერდინანდ ფელჰოფერის გაწვრთნილი თბილისელები 28 ქულით მე-7 ადგილზე არიან.
დინამო ბთ 1:1 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





