„ტორპედომ“ იმერული დერბი მოიგო

0
34

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის პირველი სათამაშო დღეს იმერული დერბით დასრულდა, რომელშიც ქუთაისის „ტორპედომ“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო.
განვლილი შეხვედრა ავადმყოფობის გამო “ტორპედოს” ლიდერმა გიორგი არაბიძემ გამოტოვა. მატჩის მე-14 წუთზე წყალტუბოელებმა ჯარიმის შესრულების დროს მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდეს ბურთი, რომელიც მცველმა მოიგერია, ხოლო ლუკა ხორხელმა დაახლოებით 23 მეტრიდან მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 0:1. 49-ე წუთზე ქუთაისელთა შეტევისას ბრაზილიელმა ჟორჟინიომ „სამგურალის“ საჯარიმოში პასი სერბ ნიკოლა ნინკოვიჩს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
83-ე წუთზე წყალტუბოელთა საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა გიორგი მჭედლიშვილმა პარტნიორისგან მიიღო ბურთი, რომელიც გადააწოდა ნორვეგიელ ბიორნ იონსენს, ამ უკანასკნელმა კი მეტოქის კარი აიღო – 2:1. 85-ე წუთზე „სამგურალის“ მცველმა ნიკა კალანდარიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე „ტორპედოს“ კონტრშეტევა თავისი ნახევრიდან ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა დაიწყო, რომლის გადაცემის მერე „სამგურალის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ალეკო ბასილაძე ერთ მცველს გაექცა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 15 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 5 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი