კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ მიიღო. გულშემატკივრებმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი თითქმის ბოლომდე შეავსეს, მაგრამ სანახაოებრივი მატჩი ნამდვილად ვერ იხილეს. გარდა იმისა, რომ თამაშში გოლები არ გასულა, ფეხბურთელებს არც გააზრებული კომბინაციები გაუთამაშიათ და ვერც კარგი საშემსრულებლო დონით დაიკვეხნიდნენ.
მე-19 წუთზე „დილას“ მცველი ვახტანგ ბოჭრიშვილი და ბათუმელთა ფორვარდი ლევამ ლუტალია ცხარედ შეკამათდნე, რის გამო, მთავარ მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა ორივე გააძევა. 29-ე წუთზე „დილას“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო ნობრეგამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში ანგოლელი კალე ჩაერთო. მატჩში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი 66-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ბათუმელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ პასი უკრაინელ ივან ლიტვინენკოს მისვა, რომლის დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ ფეხით მოიგერია.
დისკვალიფიცირებული უკრაინელი ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილი ბათუმელები გორში აღებული ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. მათ მსგავსად 19 ქულა აქვს “იბერია”, რომელიც ლიდრია, რადგან პირად შეხვედრააში “დინამო” დაამარცხეს. პორტუგალიელი რუი მოტას თავკაცობით გორელებმა 17 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიციაზე არიან.
დილა 0:0 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





