ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალსა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება აუცილებლად შევა ტურნირის ისტორიაში. განვლილ შეხვედრაში გულშემატკივრებმა სწორედ ის იხილეს რისთვისაც ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია – ლამაზი გოლები, საგოლე მომენტები, ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა, მოვლენათა დრამატული განვითარება, ინტრიგა ბოლო წუთამდე.
მატჩის მე-2 წუთზე ბერნანრდუ სილვამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს პირდაპირ კარში დაარტყა, როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდა და “რეალის” მეკარე ლუნინის შეცდომის შემდეგ, ბურთი კარში აღმოჩნდა – 0:1. მე-12 წუთზე კამავინგამ მეტოქის ნახევარზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ორ მეტოქეს გაცდა და მისი დარტყმის მერე რუბენ დიაშის ფეხიდან ბურთი ბადეში გაეხვა – 1:1. ორ წუთში ვინისიუს ჟუნიორმა საუცხოო პასი მისცა როდრიგოს, რომელიც “სიტის” ორ მცველს შორის მოქცეული ვითარებაში კარგად გაერკვა და ზუსტად დაარტყა – 2:1.
66-ე წუთზე ფოდენმა თითქმის საჯარიმოს ხაზიდან ბურთი “ცხრიანში” “ჩააჭედა” – 2:2. მას მხარი კარგად აუბა გვარდიოლმა, რომელმაც ასევე საჯარიმოს გარედან არანაკლები სილამაზის გოლი გაიტანა – 2:3. 79-ე წუთზე მადრიდელთა იერიშის დროს ვინისიუსმა ზუსტი პასი მისაც ვალვერდეს, რომელმაც მიწაზე დაუშვებლად ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა – 3:3.
“რეალმა” “სიტისთან” ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და 4-ჯერ დამარცხდა, ხოლო 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა. “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაცი ალექს ფერგიუსონია – 190 თამაში. “რეალს” მიჯრით 14 შეხვედრა არ წაუგია – 9 გამარჯვება და 5 ფრე. “სიტიმ” ბოლო 26 თამაშიდან 21 მოიგო და 5 ფრედ დაამთავრა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მანჩესტერში 17 აპრილს შედგება.
ლაშა თაბაგარი





