საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ერთა ლიგის C ლიგის ფინალში ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე საბერძნეთი დაამარცხა და ზაფხულში გერმანიაში გასამართი ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ფავორიტად მიიჩნეოდა, ჩვენმა გუნდმა არც ძირითად და არც დამატებით დროში მეტოქეს არაფერი დაუთმო, ხოლო პენალტების სერია უკეთესად შეასრულა და გულშემატკივრების მიერ როგორც სტადიონზე. ასევე მის გარეთ შექმნილი ფანტასტიკური გარემოს ფონზე ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დაწერა.
შეხვედრის მე-11 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის ნახევარზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის დროს ბურთი მეტოქის კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც მდგომ ლაშა დვალს თავით კარგად რომ დაერტყა, შესაძლოა ანგარიშიც გაეხსნა. 45-ე წუთზე სტუმრების საჯარიმოს სიახლოვეს მახვილი კუთხიდან დანიშნული ჯარიმიდან ჩაკვეტაძემ ბურთი პირდაპირ კარში დაარტყმა და ვლახოდიმოსმა თავისი გუნდის გოლის გაშვებას ნახტომში გადაარჩინა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ბერძნების საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და საბა კვერკველიას დარტყმულს მცველი გადაეღობა, ხოლო ლევან შენგელიამ ბურთი კარში ვერ მოახვედრა. პირველი ტაიმის დასრულების მერე, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია და მანტალოსი შელაპარაკდნენ. „საქმის გარჩევაში“ ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ სათადარიგოების ჩათვლით და საბოლოოდ, მსაჯმა წითელი ბარათი მეკარე გიორგი ლორიასთან ერთად, ბერძენთა სამწვრთნელო შტაბის წევრს აჩვენა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა კვარაცხელიამ გადაცემა კარის გასწვრივ გააკეთა და ბუდუ ზივზივაძეს მცველმა დაასწრო. 83-ე წუთზე შენგელიამ ბერძენ ფეხბურთელთან ორთაბრძოლის დროს ისეთი ტრავმა მიიღო, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კვარაცხელიამ სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მცველის ფეხს შეეხო, რის გამო ვლახოდიმოსს პრობლემა არ შექმნია. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში დამატებითი 30 წუთი პირველად ჩაატარა.
102-ე წუთზე ციმიკასმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და მავროპანოსის თავურის მერე, ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
|105-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ მეტოქის ნახევარზე მცველს ბურთი აართვა და საჯარიმოში პასი ზურიკო დავითაშვილს მისცა, რომლის დარტყმის მერე ვლახოდიმოისმა ბურთი ფეხითბ მოიგერია და ბერძნები გოლის გაშვებისგან იხსნა. 109-ე წუთზე კვარაცხელიამ საზარდულის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრი8ლი გიორგი წიტაიშვილი ოთხ ბერძენს გაცდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ვლახოდიმოსმა არ გაატანინა. დამატებითი დროის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ქვილითაიამ საჰაერო ორთაბრძოლა მოწინააღმდეგის საჯარიმოში მოიგო და მიქაუტაძის შემოტრიალებით დარტყმული კარს აცდა. პენალტები საქართველოს ნაკრებმა უკეთესად შეასრულა და 4:2 გაიმარჯვა. ცნობისთვის, ჩვენმა გუნდმა არსებობის ისტორიაში ბერძნებს პირველად აჯობა, მანამდე 2 ფრე ითამაშა და 7-ჯერ წააგო.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე გასვლა რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს. ჩვენი ეროვნული გუნდის 26 ფეხბურთელი. სამწვრთნელო შტაბის წევრები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ღირსების ორდენზეა წარადგინეს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან 9,25 მილიონ ევროს მიიღებს.
საქართველო – საბერძნეთი 0:0 (4:2 პენ.)
26 მარტი. თბილისის. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი, 104), შენგელია (წიტაიშვილი, 86), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი, 104), კვარაცხელია (ქვილითაია, 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 75)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბალდოკი ( როტა, 60), მავროპანოსი, ხაძიდიაკოსი (რეცოსი, 106., ციმიკასი , ბაკასეტასი, კურბელისი ( სიოპისი, 67), მანტალოსი (ბუხალაკისი, 99), მასურასი, იოანიდისი (იაკუმაკისი, 91), პელკასი (. კონსტანტელიასი, 61).
მთავარი მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი.
პენალტების სერია: 1:0 ქოჩორაშვილი, 1:0 ბაკასეტასი (მეკარე), 2:0 დავითაშვილი, 2:1 მასურასი, 2:1 მიქაუტაძე (ააცილა), 2:2 ბუხალაკისი, 3:2 დვალი, 3:2 იაკუმაკისი (ააცილა), 4:2 კვეკვესკირი.
გაფრთხილება: ბალდოკი (6), ხაძიდიაკოსი (35), ზივზივაძე (42), მავროპანოსი (45), კვერკველია (50), კონსტანტელიასი (90), როტა (90+3).
გაძევება: ლორია (45+3. სათადარიგოთა სკამიდან).
მთავარი მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
18 ივნისი. დორტმუნდი. 20:00. თურქეთი – საქართველო
18 ივნისი. ლაიპციგი. 23:00 პორტუგალია – ჩეხეთი
22 ივნისი. ჰამბურგი. 17:00 საქართველო – ჩეხეთი
22 ივნისი. დორტმუნდი. 20:00. თურქეთი – პორტუგალია
26 ივნისი. ჰამბურგი. 23:00 ჩეხეთი – თურქეთი
26 ივნისი. გელზენკირხენი. 23:00 საქართველო – პორტუგალია
ლაშა თაბაგარი





